ეს ამბავი დიდი ხნის წინ იემენში მოხდა. მაშინდელი იემენის ებრაელთა თემი განთქმული იყო ხელმარჯვე ოსტატებით, მათ შორის საიუველირო საქმეშიც. ხშირად, მათი სამსახურით ხელისუფლებაც სარგებლობდა და ოსტატებს ექსკლუზიურ ნაკეთობებს უკვეთავდა.
ერთ-ერთი ასეთი ,,ოქროსხელება“ იუველირი იყო ავრაამ ბადიხი, რომელიც თორის უბადლო ცოდნითაც გამოირჩეოდა. მას სახელი საქვეყნოდ ჰქონდა გავარდნილი და მისი ნაკეთობები მეფის სასახლეშიც მოიძებნებოდა. ერთხელ ტახტის მემკვიდრემ საჩუქრად ძალიან ძვირფასი მარგალიტის ძეწკვი მიიღო და თვლების დასამუშავებლად ბადიხს მიმართა. რადგანაც ნივთი იშვიათი და მართლაც უძვირფასესი იყო, ავრაამს თავის სახელოსნოში მუშაობის შეეშინდა და სასახლეში განცალკევებული ოთახი მოითხოვა.
პრინცი დათანხმდა, ბადიხი საქმეს შეუდგა.
ერთხელაც, მუშაობით გადაღლილმა ავრაამმა შესვენება გადაწყვიტა და იქვე, ოთახის კუთხეში მიგდებული ძველებური ქოთანი შენიშნა. ლითონის ჭურჭელი მტვრით იყო დაფარული, ჩანდა, რომ ის ამ კუთხეში წლებია ეგდო.
ერთ მშვენიერ დღეს კედლიდან რაღაც ჩამოვარდა და ქოთანს დაეცა. რავ ბადიხის გული უცებ შეტოკდა: გამოცდილი იუველირი ხმაზე მიხვდა, რომ ქოთანი სუფთა ოქროსი იყო!
რავ ბადიხმა ეს ამბავი ტახტის მემკვიდრეს მოახსენა. მან გაიცინა და უთხრა: ,,შეგიძლია შენთვის წაიღო!“
რავ ავრაამი ცდუნებას არ აყვა და ქოთანს ხელი არ ახლო. ის მიხვდა, რომ პრინცმა არ იცოდა ჭურჭლის ნამდვილი ღირებულება, თორემ ასე ადვილად არ დასთანხმდებოდა. ავრაამმა ქოთანი სპეციალური სითხით გააპრიალა და ისევ პრინცთან მივიდა. პრინცი მიხვდა, რა ძვირფასი ნივთი შეიძლებოდა დაეკარგა და ებრაელი იუველირის მიმართ ღრმა პატივისცემით განეწყო.
იმ პერიოდში ებრაელებს ავიწროვებდნენ, ისინი მეორეხარისხოვან ხალხად ითვლებოდნენ, არ შეეძლოთ სახლების ყიდვა, არ შეიძლებოდა არაბზე მაღლა ჯდომა, აკრძალული ჰქონდათ უნაგირის გამოყენება. როცა მეფე მოკვდა და პრინცი ტახტზე ავიდა, რავ ბადიხი მოიწვია და კრების სათავეში დასვა. მინისტრების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მაშინ ახალმა მეფემ მათ ქოთნის ისტორია მოუყვა და იკითხა:
– რომელიმე თქვენგანი მოიქცეოდა ამ ებრაელის მსგავსად?
ყველა გაჩუმდა…ეს იყო უზენაესის უდიდესი განდიდება!
როცა ირგვლივ მყოფი ხალხები ებრაელების სულიერებასა და პატიოსნებას ამჩნევენ, მაშინ სამყაროსი უზენაესის სახელი მაღლდება… ეს ჩვენი მისიაა, ჩვენ ხომ ,,მისი ხალხი“ ვართ!