„შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.“ (დაბადების 1:27)
ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვრება გახლავთ ის, რასაც თეოლოგი ერიხ საუერი „ადამიანის კეთილშობილებას“ უწოდებს. ჩვენ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილნი და სწორედ ეს გამოარჩევს კაცობრიობას დანარჩენი ქმნილებისგან.
ადამიანები თხზავენ სიმფონიებს, წერენ რომანებს, იგონებენ დახვეწილ ხელსაწყოებს და იკვლევენ სამყაროს იდუმალ სიღრმეთ. ჩვენ ღვთაებრივი შემოქმედებითობის გამომხატველნი ვართ ჩვენი ცხოვრების ყოველ სფეროში. ყველაზე მაღალგანვითარებული პრიმატებიც კი ძალიან შორს არიან იმ დიდებისგან, რაც ღმერთმა ჩადო ადამიანთა მოდგმაში.
ყველა ქალი და მამაკაცი შექმნილია ღვთის ხატად. ეს ჭეშმარიტება ქმნის საფუძველს დასავლეთის ცივილიზაციისათვის. ეს ანიჭებს ფასეულობასა და ღირსებას თითოეულ ადამიანს და მოითხოვს მათდამი პატივისცემით მოპყრობას, ვითარცა თანასწორისადმი, მიუხედავად ეროვნების, რელიგიისა თუ სქესისა. ეს გამოარჩევს ბიბლიურ რწმენასა და მსოფლმხედველობას სხვა რელიგიათაგან.
რა არის იმაზე გასაოცარი, რომ ჩვენმა შემოქმედმა ღმერთმა ჩვენ განსაკუთრებული დანიშნულებით შეგვქმნა. ყოველდღე, „საღამოხანს“, ღმერთი მიდიოდა ედემის ბაღში ახალშექმნილ წყვილთან სასაუბროდ. ღმერთი მათ ესაუბრებოდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ტკბებოდა მათთან ურთიერთობით, რადგან ისინი მის მსგავსად იყვნენ შექმნილნი. თავის სიტყვაში ღმერთი თავის შვილებს გვიწოდებს ჩვენ.
არც ერთი სხვა რწმენა არ გვთავაზობს ღმერთთან ასეთ პირად ურთიერთობას, ღმერთთან, რომელსაც უყვარს თავის ქმნილებასთან დროის გატარება.
სამწუხაროდ, კაცობრიობის ეს თავდაპირველი დანიშნულება დაიკარგა იმავე ედემის ბაღში. ხასიათის ერთ-ერთი თვისება, რაც ღმერთმა ჩადო ადამიანთა მოდგმაში ჩვენი ღვთაებრივი ბუნების ნაწილად, გახლავთ თავისუფალი ნება. ჩვენ ვირჩევთ, გავყვეთ თუ არა მას. ჩვენ ვირჩევთ, ვირწმუნოთ და დავემორჩილოთ ღმერთს თუ ავუჯანყდეთ მას. ედემის ბაღში ცოდვით დაცემა იქცა ქმნილების, ისტორიისა და კაცობრიობის ტრაგედიად.
ღმერთმა დასაწყისიდანვე შესანიშნავად იცოდა ამ ალბათობის შესახებ. ამგვარად, სანამ რაიმეს შექმნიდა, მან უკვე გამონახა გზა ადამიანთათვის მამა ღმერთთან დასაბრუნებლად. სწორედ ამიტომ უწოდებს გამოცხადების წიგნი იესოს „სოფლის დასაბამიდან დაკლულ კრავს“ (გამოცხ.13:8). ეს ნიშნავს იმას, რომ შესაქმემდე ღმერთს უკვე ესმოდა, რომ მას კაცობრიობისთვის უნდა გაეხსნა გზა გამოსყიდვის მეშვეობით.
გზა და საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხსნა მოუვლინა ღმერთმა ადამიანთა მოდგმას, საოცრად უსვამს ხაზს ადამიანის კეთილშობილებას. ჯერ კიდევ დავითმა, ისრაელის მეფემ, გააცნობიერა ის, რომ ხარებისა და ვერძების მსხვერპლად შეწირვა არ იქნებოდა საკმარისი ღვთის მიერ თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანთა ასაღორძინებლად. ამ ამოცანის აღსასრულებლად ღმერთი თავად უნდა ჩამოსულიყო დედამიწაზე თავის მხოლოდშობილ ძეში. ამგვარად, ქრისტეს შობა ხაზს უსვამს ადამიანის დიდებულ მოწოდებას.
„სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ“ (იოან.1:14)
ებრაელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით უკვე გაცხადებული იყო, რომ ის, ვინც თავისი ხალხის გამოსასყიდად მოვიდოდა, ეწოდებოდა „ემანუელი“, „ძლიერი ღმერთი“ და „საუკუნო მეფე“.
მაშასადამე, შობა წარმოადგენს ღვთიურ დადასტურებას იმისას, რომ ჩვენ ვართ „ღვთის ხატად“ შექმნილნი. ესაა ღმერთისმიერი ამბორი მიმართული ჩვენი კეთილშობილების აღორძინებისკენ. ქრისტეს შობით, სიკვდილითა და აღდგომით მოხდა ჩვენი აღორძინება და დაბრუნება ზეციურ ოჯახში. აი, ამიტომაც არ რცხვენია იესოს გვიწოდოს ძმები.
რა საოცარი ჭეშმარიტებაა! ღმერთი მოვიდა ჩვენ შორის დასამკვიდრებლად. ანგელოზები ხმამაღთლა ადიდებდნენ მას: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის!“ (ლუკ.2:14). ქრისტე გამოჩნდა, როცა მოაწია ჟამის სისავსემ და თავისი გამოჩენით აღადგინა მშვიდობა ღმერთსა და კაცობრიობას შორის და ამით გამოხატა თავისი კეთილი ნება თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანთადმი.
ამგვარად, მოდით, მადლობა შევწიროთ ღმერთს მისი საოცარი მოწოდებისთვის, რომელიც გვიხმობს მის ოჯახში გაერთიანებისკენ. მოდით, დავდოთ პირობა, რომ ღირსად მივყვებით ამ კეთილშობლიურ მოწოდებას.
„რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით – ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან, არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის – ქრისტეს ძვირფასი სისხლით, ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის…“(1 პეტრე 1:18-20)
ICEJ-ის ხელმძღვანელობისა და იერუსალიმის და მთელი მსოფლიოს პერსონალის სახელით, გიწვდით ხელს და ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის და გილოცავთ შობას საუკეთესო სურვილებით! დაე, ღმერთმა გამოგვიყენოს ძლიერად დამდეგ წელს თავისი რჩეული ერის, ისრაელის. საკურთხებლად.
დოქტორი იურგენ ბიულერი, ICEJ-ის აღმასრულებელი დირექტორი
თარგმნა: ნინო ხუროშვილმა.