თორა და ხელოვნება – უფლის სინათლე (მეორე ნაწილი)

maxresdefault (1)

 

მაშ ასე, როგორც დაგპირდით, ვაგრძელებთ სტატიის „თორა და ხელოვნება“ მეორე ნაწილს. ამ ნაწილში ჩვენ უკეთ გავეცნობით ბეცალელის წინაპრებს, გავიგებთ, თუ ვინ იყვნენ ისინი და რისი თქმა უნდოდა უფალს, როდესაც მოსეს უთხრა {გამ.31:2} აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.

ამ სახელზე (ბეცალელი) დაკვირვებისას, სიტყვებისა და აზრების თამაშს ვამჩნევთ. როგორც ვიცით უკვე, რომ ჩრდილს სინათლე აჩენს, და სწორედაც ამ ხელოვანის სახელის ნაწილი ითარგმნება, როგორც ჩრდილი. ბეცელ – ჩრდილი , ელ – ღმერთი , ღმერთის ჩრდილში მყოფი.

ბეცალელის მამას ური ერქვა, რომელიც სინათლეს ნიშნავს, ამ შემთხვევაში უფლის სინათლეს.  ამგვარად, ბეცალელი გაჩნდა ეგვიპტეში უფლის სინათლის მეშვეობით.

ამით არ მთავრდება სიტყვებისა და აზრების თამაში. თუ ჩვენ კიდევ უფრო დავფიქრდებით ჩრდილის ამსახველ თვისებებზე სინათლესთან მიმართებაში  და მათი ურთიერთობის ფონზე, შეგვეძლება ამ  სახელის ღრმა აზრსა და მნიშვნელობას ჩავწვდეთ.

ბეცალელი ურის ძე – אורי בן בצלאל

ყველა სიტყვის ფუძე (ცელ – צֵל) ასე თუ ისე ღრმა კავშირშია სინათლესთან, მის სხივებთან. ური ებრაულიდან თარგმანში ნათელს, გასხივოსნებულს ნიშნავს. აგრეთვე ამ სიტყვაში შეიძლება დავინახოთ სიტყვა (ურიელ  – ღმერთის სინათლე ) –ურია – უფლის სინათლე .

ჯიჯკო2

 

სახელი ური შეიძლება წავიკითხოთ ასევე დამარცვლით: ორი ურ – ი( אורי ებრაული ასო „იოდ“ მიუთითებს ღმერთის ძლევამოსილობაზე. ამას ოდნავ მოგვიანებით დეტალურად განვმარტავთ. აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ ასოთი იწყება ღმერთის საკრალური სახელი, რომელიც ტეტრაგრამოტონით არის ჩვენთვის ცნობილი. ასევე ეს ასო არის მაშიახის სახელში. ებრაულ ტრადიციაში ამ ასოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ყველაზე პატარა, მაგრამ ამავდროულად ღმერთის სახელის პირველი ასოა, მისი გემატრიული ციფრია ათი. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ეს ასო ათ მცნებასთან. ათი ებრაულ ტრადიციაში დასრულებას ნიშნავს. მაგალითად, ქალი ცხრა თვე მუცლით ბავშვს ატარებს და სწორედ ორსულობის მეათე თვის დასაწყისში ხდება მისი დაბადება. აგრეთვე მათემატიკური ათვლაც იწყება ათეულით. ეგვიპტეში ღმერთმა ათი სასჯელი მოუვლინა ფარაონს, მეათედის მცნება დაუდო უფალმა ისრაელს, {ლევ.27:32} ყოველი მეათედი ნახირისა და ფარისა, ყოველი მეათე, რომელიც მწყემსის კომბლის ქვეშ გადის, უფლის სიწმიდეა, მზადებისთვის საჭირო იყო  ათი დღე ბუკისცემის გახსენების დღიდან ( იომ ტრუა –საყვირის დღესასწაული, ასევე ის ცნობილია, როგორც ებრაული ახალი წელი როშ – ხა– შანა)  . {ლევ.23:24 – 29 }
უთხარი ისრაელიანთ: მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენების დღე, ბუკისცემის გახსენების დღე – წმიდა შეკრებილობილობა.
არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: ამ მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა გქონდეთ.  დაიმდაბლეთ სული, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. არავითარი საქმე არ აკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე. ხოლო ყოველი, ვინც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან.

ათი თაობა იყო ადამიდან ნოემდე. აქაც ერთ საინტერესო განმარტებას შემოგთავაზებთ ძალიან მოკლედ და გავჩერდეთ ასო „იოდ“-ის მნიშვნელობაზე.

1.ადამი – ადამიანი 2. შეთი – დადგენილი 3. ენოში – მოკვდავი 4. კენანი – წუხილი 5. მაჰალელ – კურთხეულ არს ღმერთი 6. იერედი – მაღლიდან ჩამომავალი 7. ენოქი – მასწავლებელი 8. მეთუშალეჰ – მისი სიკვდილი მოიტანს 9. ლამექ – ნანტრი 10.ნოე – მოსვენება

ამ სახელების მნიშვნელობით და თანმიმდევრობის გათვალისწინებით, ვღებულობთ ასეთ წინადადებას:

“ადამიანი დადგენილია მოკვდავი წუხილისათვის, კურთხეულია ღმერთი, მაღლიდან ჩამომავალი, რომელიც გვასწავლის, რომ მისი სიკვდილი მოიტანს ნანატრ მოსვენებას“.

ასევე ნოედან აბრამამდეც იყო ათი თაობა, მაგრამ მათი სახელების მნიშვნელობაზე, თუ ღმერთი ოდესმე ინებებს, მოგვიანებით დავწერ.

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ბიბლიაში არაფერი შემთხვევით არ არის დაწერილი. ღმერთმა სულიწმიდის მეშვეობით განსაზღვრა ყველა ასო თუ სიტყვის მნიშვნელობა, ის ასოებით, სიტყვებით მიგვანიშნებს მის სიბრძნეზე. მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს თემას:

ბერეშითის (დაბადების ) წიგნში ჩვენ ვხვდებით სინათლეს, რომელიც ყველაფერზე ადრე შეიქმნა. დავითი  თავის ფსალმუნში თითქოსდა ერთი შეხედვით უცნაურ სიტყვებს წარმოთქვამს „………შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.“{ფს.35:9}

ებრაელი რაბინები ამბობენ, რომ პირველ დღეს შექმნილი სინათლე ეს ისეთი სინათლე არაა, როგორიც ჩვენ გვგონია. ეს იმდენად ძლიერი სინათლე იყო, რომ ჩვეულებრივი ადამიანი დაბრმავდებოდა მისი სიკაშკაშის გამო და პირვანდელ  სინათლესთან შედარებით მზეც კი ბნელად გამოჩნდებოდა. ამ სინათლეს რაბინები მესიას სინათლეს უწოდებენ.   შექმნაში ჩვენ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის არ არსებობდა, არამედ ეს სინათლე ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ ღმერთმა ეს სინათლე სულიერი სამყაროდან მატერიალურ სამყაროშიც გადმოიტანა. სწორედ ამ სინათლეზე მიანიშნებს იოანეს სახარება, რომ მას მაცოცხლებელი ძალა აქვს და თუ ჩვენ მივიღებთ სინათლეს, რომელიც ყველაზე პირველად მესიად გამოჩნდა, მაშინ აღარ გვექნება შეკითხვა იმაზე, თუ როგორ ცოცხლობდა მცენარეები მზის შექმნამდე. {იოან. 8:12} მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.


{იოან. 1:4–5}
მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. {იონ.1:9– 10} იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.

დავითი ამ სინათლეს უფლის სიტყვას უწოდებს: {ფს.118:105}.
ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისთვის.

და კიდევ ერთი შედარება უფლის სიტყვასთან დაკავშირებით {2რჯ.8:3}….რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.

ხედავთ, რა გასაოცარი შედარებები და კავშირები შეიძლება ვიპოვოთ ბიბლიის ყურადღებით კვლევისას.

პირობა ღმერთის სინათლის დანახვისა არის მისი სიტყვა. მხოლოდ ღმერთის სიტყვის (ბიბლიაზე) შუქზე შეიძლება დაინახო ღმერთის სინათლე.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სინათლეზე, რომ მას აქვს უნარი აღბეჭდოს სურათი სპეციალური მოწყობილობის მგრძნობიარე ზედაპირზე. სამწუხაროდ, ჩვენმა გულებმა დაკარგა მგრძნობელობის შესაძლებლობა. ამიტომაც ამბობს უფალი: ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ. {ეზეკ. 36:26–27}.

ანუ თორის სინათლე, კეთილი უწყება,  ღმერთის სიტყვის სინათლე შეეხება არა ქვის გულებს, არამედ ახალ, ხორცის გულებს, რომელსაც აქვს მგრძნობელობის უნარი და აღბეჭდოს უფლის სიტყვა, თავის თავშივე სხვა სიტყვებით აღბეჭდოს ღმერთის აჩრდილი.

ჩრდილი ჩნდება სინათლეზე.  ბეცალელი – ღმერთის აჩრდილი , ურის ძე – უფლის სინათლე. გაჩნდე უფლის სინათლისაგან, ეს იგივეა იყო ურის ძე. აი, ეს არის ის აუცილებელი პირობა ხელოვანისა, რათა ქმნას და შესძლოს ღმერთის მცნებების შესრულება.

თავის შემოქმედებით მხატვარი მოწოდებულია ღმერთი განასახიეროს, აირეკლოს ღმერთის სინათლე და დიდება. მისი გული მგრძნობიარე უნდა იყოს  მესიას სინათლის მიმართ, რათა მისი სინათლით შთაგონება მიიღოს. ამის შესახებ გვეუბნება ბეცალელის მამის სახელი ურია, როგორც დაწერილია მის წინაპართა გენეალოგიაში. ბეცალელი ურის ძე ნიშნავს: უფლის სინათლის ძე.

(გაგრძელება იქნება )

ავტორი გიორგი ჯიჯიეშვილი 

რედაქტორი ქეთევან რამიშვილი.