სიტყვა იერუსალიმიდან

ძვირფასო მეგობრებო,

ისრაელის თანამედროვე აღორძინება წარმოადგენს მკვეთრ ცვლილებას ხსნის ღმერთისეულ ისტორიაში. თავად ღმერთი არასოდეს იცვლება (მალაქია 3:6), ის ადგენს დრო-ჟამს, მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად მოქმედებს და დღეს, ისრაელის ცხოვრებაში, სწორედ ამის მოწმენი ვართ, რადგან დადგა ჟამი უფლის მოწყალებისა სიონისადმი. მართლაც, უფალი აცხადებს: „ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის“ (ზაქარია 8:11). უფალი ახალი ეპოქას იწყებს ისრაელისადმი დამოკიდებულებაში.

წინასწარმეტყველი ფიქრობდა, რომ მისი ერის მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, თუმცა, სწორედ ამ დროს, ღმერთმა მოსალოდნელ ცვლილებათა შესახებ გაუცხადა მას: „როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის… კვლავ განვიზრახავ ამ დღეებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის“ (ზაქარია 8:14; 15).

სრულიად შეიცვლებოდა ყოველივე და ყოველი ბრძოლა და მარცხი სასიკეთოდ მოუბრუნდებოდათ. ხალხი, რომელიც საწყევარად იყო სხვა ერებს შორის, ახლა საკურთხებლად იქნება ყველასთვის (ზაქარია 8:9-14). და აი ახლა, როცა წარმოუდგენელი ცვლილებები ხდება, ღმერთი ორჯერ მოუწოდებს თავის ერს: „გაიმაგრეთ ხელები!“ (მე-9 და მე-13 მუხლები).

სხვა სიტყვებით, ღმერთს უნდოდა ცვლილების მოხდენა ისრაელში, მაგრამ მას ამის მიღწევა ადამიანთა მეშვეობით სურდა. ამიტომაც, ღმერთმა ასე მტკიცედ მოითხოვა: „გაიმაგრეთ ხელები და იმოქმედეთ!“
ამგვარი დაპირებანი ყოველთვის ახალ შესაძლებლობათა მომასწავებელია, მაგრამ ყოველ ახალ შესაძლებლობას პასუხისმგებლობაც მოჰყვება. მოსავლის ასაღებად მუშაკნი არიან საჭირონი, რათა ბეღელი ხორბლით გაივსოს. ისრაელისათვის დამდგარი მოსავლის აღების დრო დიდებულ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიყოთ ქრისტეს თანამშრომელნი გამოსყიდვის ისტორიის ამ ამაღელვებელ ჟამს.

ეს გამოცემა, ჟურნალი სიტყვა იერუსალიმიდან  კვლავ მოგაწოდებთ ინფორმაციას იმ მრავალი ახალი შესაძლებლობის შესახებ, რომელთაც ღმერთი გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შესანიშნავი ახალი ადგილი კარვობის დღესასწაულის ჩასატარებლად იერუსალიმში, მიუხედავად იმისა, რომ ვშრომობთ ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანებთან ჰაიფაში, აშდოდში მცხოვრებ გაჭირვებულ ხალხს ვეხმარებით საპასექოდ, ან უკრაინიდან ჩამოსულ ახალ ემიგრანტებს ვუწვდით დახმარებს ხელს, ახალი შესაძლებლობა მაინც ძალიან ბევრია და ამასთან, უზარმაზარიც.

თქვენი თანამშრომელი ქრისტეში,

ICEJ - ის დირექტორი იურგენ ბიულერი