ეკლესიამ უნდა ილოცოს ისრაელისათვის !

11999347_883048331773744_182529763_o

 

ახლა ისრაელზე უნდა ვილოცოთ. მინდა კარგად ვიცოდეთ ერთი რამ: დღეს  ღმერთი კვლავ აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთად რჩება. ორი წლის წინ ამერიკაში ვიყავით ჩასულები ჩვენი ეკლესიიდან. იქ სიტყვა მომცეს და ისრაელზე ვისაუბრე. გავოცდი, როცა მსახურების შემდეგ ადამიანები მეკითხებოდნენ: ნუთუ ღმერთს კიდევ აქვს საქმე ისრაელთანო.  გამაოცა ამ ფაქტმა – ქრისტიანები არც კი ფიქრობენ, რომ ღმერთს კვლავაც საქმე აქვს ისრაელთან. ღმერთი აბრაამს ეუბნება, რომ აკურთხებს იმათ, ვინც აკურთხებს მას. ღმერთმა ერი კი არა, კაცი აირჩია – აბრაამი. მას აბრაამ ებრაელი ეწოდა. სიტყვა „ებრაელი“ მოგზაურს ნიშნავს. აბრაამი იყო კაცი, რომელიც ღმერთს მიენდო, ღმერთმა კი მისი შთამომავლობა აკურთხა და ეს კურთხევა დღემდე გრძელდება. გამოცხადების წიგნზე დაყრდნობით გვჯერა, რომ ბოლო დროს ისრაელიდან გამოვა სიტყვა და ისრაელი მაკურთხებელი ერი გახდება, რადგან ღმერთი მობრუნდება ისრაელისკენ. პავლე ასეთ რამეს ამბობს თავის წერილებში: თუ მათი უარყოფა ქვეყნიერების ხსნა იყო, რა იქნება მათი მობრუნება, თუ არა მკვდრეთით აღდგომა.

1948 წლამდე მეცნიერები ამბობდნენ, რომ ბიბლია კარგი წიგნია და თითქოს ყველაფერი სწორია და მართალი მასში, მაგრამ ერთი რამაა გაუგებარი: როგორ აპირებს ღმერთი თავისი აღთქმების შესრულებას ისრაელის გარეშე. 1948 წლამდე ისრაელის სახელმწიფო არ არსებობდა. ებრაელი ხალხი გაფანტული იყო დედამიწის ზურგზე. მარკ ტვენი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში წერდა, რომ შემოიარა პალესტინის მიწები და 300 კილომეტრის რადიუსში მხოლოდ ერთი კაცი შემოხვდა და ერთადერთი ხე ნახა. მიწა სავსე იყო ჭაობითა და მალარიით. ისე მოხდა, რომ 1948 წლამდე ღმერთმა ჭაობითა და მალარიით განდევნა ადამიანები იმ მიწიდან. მაგრამ დღეს ისრაელის მიწა აყვავებულია და მდიდარი.

კიდევ ერთ რამეზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. 2700 წლის მანძილზე ებრაელები თავიანთ ენაზე არ ლაპარაკობდნენ. მხოლოდ რჩეულ რაბინებს შეეძლოთ ებრაულ ენაზე წაკითხვა და ლოცვების წარმოთქმა. 2700 წელი, ანუ  ბაბილონში გადასახლებიდან მოყოლებული. ოსია წინასწარმეტყველი თავის წიგნში ამბობს, რომ ბოლო დროს ღმერთი დააბრუნებს წმინდა ბაგეს. რაბინები ამის შესახებ ამბობდნენ, რომ ბოლო დროს ებრაული ენა უნდა აღმდგარიყო. თუ სწორად მახსოვს 1916 წელს ელიაზარ ბენიაჰუს უფალი გამოეცხდა და დაავალა ებრაული ენის აღდგენა. როცა მან თავისი გამოცხადების შესახებ ებრაელ წარჩინებულებს უამბო, მათ უთხრეს რომ შეუძლებელი იყო ამის გაკეთება. ელიაზარმა კი მიუგო, რომ ადამიანებისთვისაა შეუძლებელი, ღმერთისთვის კი ყოველივე შესაძლებელია. მან დაიწყო ებრაული ლექსიკონის შექმნა. 1948 წლისთვის 20 ტომეული იყო მზად, რათა თავიანთ მიწაზე დაბრუნებული ებრაელი ხალხი მშობლიურ ენაზე ალაპარაკებულიყო 27 საუკუნის შემდეგ. დღეს ებრაელები თავიანთ მიწაზე ცხოვრობენ, თავიანთ ენაზე მეტყველებენ. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ბოლო დროში ვცხოვრობთ? გახსოვთ რა თქვა იესომ? ლეღვისაგან აიღეთ მაგალითი. ყველა მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ ლეღვი ისრაელია. იესომ თქვა: როცა მას რტოები დაურბილდება, ახლოა ჟამი. რტოების დარბიელება იმის ნიშანი იყო, რომ ისრაელი უნდა აღმდგარიყო, როგორც ერი.

ძალიან რთულია რაბინების სწავლება. მათ არ დაუმთავრებიათ კვლევა მესიის გამოჩენაზე. ჩვენთვის ეს წარსულია, მაგრამ მათთვის – მომავალი.  მესიის შესახებ სწავლება დევს მათ ცხოვრებაში. ისინი სწავლობენ მესიის მოსვლას. საოცარი ისაა, რომ ფარულად და დამალულად ისინი წარმართებს დღემდე ძაღლებად თვლიან. ამბობენ: წარმართები იმის ღირსნი არ არიან, რომ მათ ბიბლიის სიმდიდრეზე ველაპარაკოთ. იერუსალიმში არსებობს ბიბლიის კვლევის ინსტიტუტი, სადაც მკვლევარები წერტილიდან წერტილამდე იკვლევენ ბიბლიას. მათი სწავლება საოცარია. საოცარია ებრაელის თვალით დანახული ბიბლია. პირველი საუკუნის მორწმუნეთათვის ძველი აღთქმა იყო ბიბლია, მათ არ ქონდათ ახალი აღთქმა. ხშირად ვეუბნები ჩემს თავს: თუ გინდა ბიბლია კარგად გაიგო, ცოტა ხნით მაინც ებრაელი უნდა გახდე, უყურო ამ წიგნს ისე, როგორც ისინი უყურებენ. მათთვის ბიბლია სიცოცხლეა. მათ აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთის გარდა სხვა ღმერთი არ ყავთ. მათთვის ეს ყველაფერია . ღრმად მწამს, რომ ბოლო დროს ღმერთი მეტად და მეტად მოუბრუნდება ისარაელს.

ძველ აღთქმაში არის „რუთის წიგნი“. ებრაელებს მისი ამოღება უნდოდათ ბიბილიიდან, რადგან რუთი იყო მოაბელი წარმართი გოგონა. ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდათ წარმართი გოგონას შესახებ დაწერილი წიგნის ბიბლიაში ყოფნა. მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ ამ წიგნის მშვენიერებას. რუთი, ეს წარმართი გოგონა ეკლესიის წინა სახე იყო. როგორ ქორწინდება იგი ბოყაზზე, რომელიც იყო ებრაელი ებრაელთაგან. ნაყომი იყო თვით ისრაელი, ბოყაზი კი იესო ქრისტეს წინასახე. რუთის წიგნი ჩვენს შესახებაა – როგორ დავქორწინდებით წარმართები იესო ქრისტეზე და ჩვენი მეშვეობით როგორ უნდა იკურთხოს ნაყომი, რომელიც ისრაელია.

ეკლესია მოწოდებულია, რათა აკურთხოს იერუსალიმი, ისრაელი. ჩვენს ლოცვებში გამუდმებით უნდა შეგვეძლოს მათი კურთხევა. კურთხეულია აბრაამის ღმერთი! კურთხეულია ისააკის ღმერთი! კურთხეულია იაკობის ღმერთი! კურთხეულია ღმერთი იესო ქრისტესი!

ჩვენ აბრაამის შვილებად ვიწოდებით ქრისტე იესოში. სულიერ სამყაროში ღმერთი გვიყურებს, როგორც სულიერ ებრაელებს. გახსოვთ აბრაამი კარვიდან რომ გამოიყვანა ღმერთმა და უთხრა: შეხედე ცაში ვარსკვლავებს და დახედე ქვიშას. იცით რას ეუბნებოდა ღმერთი აბრაამს? ქვიშა მისი მიწიერი შვილების სიმბოლო იყო, ვარსკვლავები კი – ეკლესიისა. ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ არა მხოლოდ  ფიზიკურ შვილებს მისცემდა, არამედ წარმართებსაც მის შვილებად გახდიდა იესო ქრისტეს მეშვეობით.

 

კოტე ძებისაშვილი