სუქოთის ანუ კარვობის დღესასწაული: (ლევ 23:34-36 “მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა თქვენ შეკრებთ ქვეყნის მოსავალს, იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს. პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა. და აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი მშვენიერი ხისა, რტოები პალმისა და შტო ბრტყელფოთოლა ხისა და ძეწნისა და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე. და იდღესასწაულეთ ეს დღესასწაული უფლისათვის შვიდ დღეს წელიწადში. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი. კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე. ყოველმა მკვიდრმა ისრაელში იცხოვროს კარავში, რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში დავამკვიდრე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი.”
(იოანე 7:2- “ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობა.”) – იუდეველთა დღესასწაულებს შორის ერთ-ერთი დიდებული დღესასწაული (მეორე რჯული 16:12-“და გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში, და დაიცავი და შეასრულე ეს წესები.”), იწყებოდა მეშვიდე თვის მე-15 დღეს, გრძელდებოდა 7 დღე და მთავრდებოდა მე-8 დღეს, მას ერქვა უპირატესობის მხრივ ყველაზე წმინდა და დიდებული დღესასწაული (იოანე 7:37- “დღესასწაულის უკანასკნელ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: “თუ ვინმეს სწყურია მოვიდეს ჩემთან და შესვას.”).
ეს დღესასწაული დაინიშნა ებრაელების ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე 40-წლიანი ხეტიალის სამახსოვროდ. ერი მთელი ამ დღესასწაულის მანძილზე გამოდიოდა თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან და ცხოვრობდნენ კარვებში, რომლებსაც აკეთებდნენ ხის აყვავებული ტიტებისგან და მხიარულად ატარებდნენ ამ დროს კარვებში, მხიარულობდნენ უფლის წინაშე (ლევ 23:39-43). როგორც ზემოთ იყო ხსენებული, სუქოთის (კარვობის) დღესასწაული იმართებოდა შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, როდესაც ერი უკვე თავისუფალი იყო, ამიტომაც აღნიშნავდნენ ასე მხიარულად (მეორე რჯ 16:13-14 “იზეიმეთ კარვობის დღესასწაული, როდესაც შენი კალოდან და საწნახელიდან მოიწევ მოსავალს. და იხარე შენს დღესასწაულებში, შენ და შენმა ძეებმა, შენმა მსახურებმა, შენმა მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც შენს კარიბჭეებშია, და ხიზანმა, ობოლმა და ქვრივმა.”).
ამ დღესასწაულის გაგრძელებისას მოჰქონდათ ბევრი მსხვერპლი, ამათ გარდა ყოველ დილას ტაძარში სრულდებოდა მსხვერპლაღმავლობა. კარვობის დღესასწაულის დროს ასევე ხალხს უკითხავდნენ და უხსნიდნენ კანონებს (იოანე 7:14-15 “და უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. და გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის ეს წერილები უსწავლელადო?”). და ბოლოს პალმის და სხვა მწვანე ტოტებით ხელში, ტაძარში მხიარულად უმღეროდნენ ღმერთს ქების სიმღერებს. ამ სასიხარულო დღესასწაულზე თვით უფალი იესოც მიდიოდა ტაძარში და ასწავლიდა ხალხს (იოანე 7 თავი).
სალომე ჯებისაშვილი.