ბინიამინ ნეთანიაუმ ტერორის შესახებ განცხადება გააკეთა

bins118 ნოემბერს, საღამოს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ მედიასთან შეხვედრისას შემდეგო განცხადება გააკეთა:
“ჩვენ იერუსალიმის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის წინაშე ვდგავართ. დღეს დილის ლოცვების დროს ციციტებიანი და ტეფილინიანი მორწმუნეები, ოთხი რავინი მოგვიკლეს – ოთხი უდანაშაულო და წმინდა ადამიანი, რავი ავრამ გოლდბერგი, რავი არიე კუპინსკი, რავი კალმან ზეევი და რავი მოშე ტვერსკი. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.

დაღუპულთა ოჯახების ტკივილს სრულად ვიზიარებთ და ვიმედოვნებთ, რომ დაჭრილი პოლიციელები, რომელთა გმირულმა ქმედებამ უფრო დიდი ტრაგედია აგვაცილა, მალე გამოჯანმრთელდებიან. ის ცხოველები, რომლებმაც სალოცავში სისხლი დაღვარეს, ებრაელი ხალხისა და მათი სახელმწიფოს მიმართ ზიზღით იყვნენ განმსჭვალულნი. “ჰამასი”, ისლამური მოძრაობა და პალესტინის ავტონომია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტყუილებისა და სიცრუის კამპანიას აგორებს და ირწმუნება, რომ ებრაელები ტაძრის სიწმინდეს ბღალავენ. ხალხს აჯერებენ, რომ რელიგიური ადგილების განადგურება და არსებული წესების შეცვლა გვსურს – ეს წმინდა წყლის ტყუილებია.

სიცრუე უკვე ძვირი დაგვიჯდა ყველას, მას სამი თვის ბავშვი, ხაია ზისელ ბრაუნის სიცოცხლე შეეწირა, რომელიც მშობლებმა გოდების კედელთან პირველად მიიყვანეს, რათა შვილის ბოძებისთვის უფლისთვის მადლობა ეთქვათ. ჩვენ ასევე დავკარგეთ კარენ ჯემიმა მოსკერა, კიდან ასადი, აარონ ბადანი, სერჟანტი ალმოგ შილონი და დალია ლემკუსი. ისინი უდანაშაულო ადამიანები იყვნენ და მატყუარების პროვოკაციას ემსხვერპლნენ. დღეს კი მათ რიგებს სხვებიც შეუერთდნენ.

გუშინ აღმოსავლეთ იერუსალიმში ავტობუსის მძღოლმა თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი სამხილებისა და სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, სწორედ თვითმკვლელობა იკვეთება. თუმცა, ზემოხსენებული ორგანიზაციები ამ შემთხვევის გამოყენებას ცდილობენ და ტყუიან, რომ მძღოლი ებრაელებმა მოკლეს. შედეგად წმინდა ადგილას მორწმუნეების ჟლეტა მივიღეთ. ყველაზე აღმაშფოთებელი მაინც სიხარულის შეძახილებია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ბეთლემსა და პალესტინის სხვა ადგილებში გაისმოდა. ისინი ტკბილეულობას არიგებენ, ცულებს იღერებენ და შაჰიდების სახელებს ადიდებენ. დღეს აბუ მაზენმა [პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი] ტერორისტული აქტი დაგმო და კიდევ კარგი, ასე მოიქცა. მაგრამ კარგად გვახსოვს, რომ იგი სამი მოზარდის მკვლელობასაც გმობდა. ეს საკმარისი არ არის. სინაგოგაში ადამიანების ჩახოცვასთან დაკავშირებით კრიტიკული გამოსვლისას აბუ მაზენმა არარსებული ამბებზე ისაუბრა, თითქოს ისრაელი ტაძრის მთაზე გარკვეული ქმედებების განხორციელებას გეგმავდეს – ამის რეალური საფუძველი კი არ არსებობს. პალესტინაში ყოველდღიურად, ყოველწამიერად ისრაელის საწინააღმდეგო პროპაგანდას ქადაგებენ – სკოლებში, მედიაში, მეჩეთებში… ყველგან. ისინი უარს ამბობენ ებრაული სახელმწიფოს არსებობის აღიარებაზე.

გასულ კვირას იორდანიაში ვიმგზავრე და ამანში მეფე აბდულასთან და აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა. ვცადეთ, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი გვეპოვა და მშვიდობა აღგვედგინა. სამწუხაროდ, პალესტინის ავტონომიამ საპასუხოდ იერუსალიმში “რისხვის დღის” მოწყობაზე ისაუბრა, რისი შედეგიც დღეს ვნახეთ. მსოფლიომ ეს სისხლისღვრა საკუთარი თვალით იხილა, მაგრამ პალესტინელებისთვის კონფლიქტის გამწვავების პროვოცირების შეწყვეტა არ მოუთხოვია. მოვუწოდებ ცივილური მსოფლიოს ყველა მეთაურს, გამოხატონ რისხვა მომხდარის გამო, დაგმონ და გააკრიტიკონ ისრაელელებისა და ებრაელების მკვლელობა. ნუ განასხვავებთ სისხლისღვრას ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.

მივმართავ ისრაელის მოქალაქეებსაც, იყავით ფხიზლად და პატივი ეცით კანონს. რაც უნდა დიდი იყოს ბრაზი, ნურავინ ეცდება კანონზე მაღლა დადგომას. ჩვენ აღმაშფოთებელი ტერორიზმის წინააღმდეგ ვიბრძვით, რომელიც დღეს არ დაწყებულა და სიონიზმის დაფუძნებიდან გვდევს თან. ყოველთვის საკადრისად ვუმკლავდებოდით ტერორიზმს და ახლაც ასევე ვიმოქმედებთ.

არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი მიწიდან, ჩვენი დედაქალაქიდან ჩვენი განდევნა სწყურია, მაგრამ ვერაფერს გახდებიან. ჩვენი მარადიული დედაქალაქისთვის, იერუსალიმისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. გასაჭირის ჟამს ყოველთვის ვახერხებდით ერთად დგომას და იერუსალიმისა და ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავადაც ერთად ვიქნებით.