ებრაული სიბრძნე

12208262_875228859261615_3737348266081583175_n

ციდან ნაკურთხი ხუმრობა.
ახალგაზრდა ხასიდი, სახელად მეირი, თავის რებეს — რავ დოვ ბერს მეჟერიჩიდან ესტუმრა. მეირს დიდ გასაჭირი ჰქონდა: უსახსრობის გამო ცოლად არავინ მიჰყვებოდა,
– წადი შენს გზაზე მშვიდობით და დათანხმდი ცოლად ის გოგონა მოიყვანო, რომელსაც პირველს შემოგთავაზებენ! — უთხრა რებემ.
წავიდა მეირი, გზაზე შემოაღამდა და ღამის გასათენებლად ერთ პატარა სასტუმროში შეჩერდა.
მაგიდასთან ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ, ღვინოს სვამდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. მხიარულმა კამპანიამ მოწყენილი მეირი მალე შეამჩნია. მას უგუნებობის მიზეზი გამოკითხეს და გაიგეს, რომ ის თავისი რებესგან ბრუნდებოდა.
– რებეს კურთხევა ვთხოვე, რათა უზენაესმა საცოლე მაპოვნინოს. რებემ მირჩია პირველივე შემოთავაზებას დავთანხმებოდი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ერთმა მოქეიფემ წამოიძახა:
– რა კარგია! მე ვიცი საშენო პარტია. ჩემი უმცროსი და შეირთე, მზითევში ასი მანეთი აქვს. თუ თანახმა ხარ, მოდი, ეხლავე მოვილაპარაკოთ.
სინამდვილეში, ,,მაჭანკალს“ არავითარი და არ ჰყავდა. საუბარი იმ სასტუმროს მეპატრონეს ქალიშვილზე იყო, სადაც ეს მოვლენები ვითარდებოდა.
მეირი თანახმა იყო. ,,მაჭანკალი“ ქალთან გაიქცა და უწყინარ ხუმრობაზე ისიც მალე დაითანხმა.
მხიარულმა თავყრილობამ არაყი შეუკვეთა და ,,ლეხაიმის“ ფონზე მეირს ყველა დანიშვნას ულოცავდა. ნასვამი ახალგაზრდები სიცილით იგუდებოდნენ, უცებ ერთ-ერთმა მათგანმა ,,ცეცხლს შეშა“ დაამატა და მთელი სერიოზულობით თქვა: ,,მოდი, ქორწილიც ეხლავე გავაკეთოთ, აი, ეს კი ძალიან მაგარი იქნება!“
ყველა დაფაცურდა, სუფთა სუფრა იშოვნეს, ბოლოები ჯოხებზე დაამაგრეს და საქორწინო ბალდახინიც მზად იყო. ხასიდმა ქეთუბა თავისი ხელით დაწერა და მხიარულად მოხითხითე გოგონა მოშესა და ისრაელის კანონების მიხედვით თავის ცოლად გამოაცხადა.
უწყინარი თავყრილობა ღრეობაში გადაიზარდა, ახალგაზრდა ხასიდმა ხმაურს ვეღარ გაუძლო და ღამე არაებრაელი გლეხის ოჯახში გაათია.
დილით მეირი სასტუმროში ისევ დაბრუნდა, მის მეპატრონესთან მივიდა და ჰკითხა: ,,როგორ ბრძანდებით, პატივცემულო სიმამრო?“
– ეს ვინ არის? რაზე მესაუბრება?
– მამა, გუშინ ამ ყმაწვილმა ძალიან გაგვამხიარულა, ხუმრობა გვინდოდა და ტყუილი ნიშნობა და ქორწილი მოვაწყვეთ! მამა, არც დაიჯერებ, გუშინ რამდენი სასმელი გაიყიდა!
– უგუნურებო! — მუშტი დაჰკრა მეპატრონემ მაგიდას. კარგი, დავუშვათ ამ სულელებმა არ იციან ქეთუბისა და საქორწინო ცერემონიის მნიშვნელობა, მაგრამ შენ რა დაგემართა! შენ ხომ იეშივაში სწავლობ, ხომ უნდა გცოდნოდა რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი!
ცოტა რომ დამშვიდდა, ახლადგამომცხვარმა ,,სიმამრმა“ მეირს გაყრის წერილი მოსთხოვა და ,,შეწუხებისთვის“ ოც მანეთს დაჰპირდა. მისდა გასაოცრად ახალგაზრდა უარზე იყო. მეირმა აზრი არც თანხის გაორმაგების შემდეგ შეიცვალა.
– მე ეს ნაბიჯი რებეს მითითებით გადავდგი, მისი რჩევის გარეშე გარიგებასაც არ ჩავშლი! მოდი, წავიდეთ რებესთან! — ამბობდა მეირი.
მივიდნენ რებესთან და ყველაფერი მოუყვნენ.
– 100 მანეთს ვთავაზობდი და უარი მითხრა! – დაამატა ,,სიმამრმა“
– ნება მომეცი, საქმე ახალგაზრდასთან განვიხილო – უთხრა რებემ.
რამოდენიმე საათის შემდეგ რებე გამოვიდა და სასტუმროს მეპატრონეს უთხრა:
– მეირი თანახმაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ათას მანეთს მისცემ. ხო, მართლა, შენი გოგონასთვის ძალიან კარგი კანდიდატურა მყავს. თავს ვდებ, რომ ის ახალგაზრდა, ვიზეც გელაპარაკები ნასწავლი, ღვთის მოშიში ებრაელია და ბევრი კარგი თვისება აქვს.
– რებე, თქვენს ნებისმიერ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით მივიღებ — გაუხარდა მეპატრონეს.
– ჩემს კანდიდატს ერთი ნაკლი ჰქონდა — უფულობა, მაგრამ ეხლა მას ფული აქვს, სულ ახლახან ათასი მანეთი მიიღო. ასე, რომ მგონი საკითხი გადაწყვეტილია! სიმართლე რომ გითხრა, შენს ქალიშვილს არ სჭირდება გაყრა და ახლიდან გათხოვება, დამიჯერე, ეს ქორწინება ზეციდანაა კურთხეული!
სასტუმროს მეპატრონემ რებეს რჩევა მთელი გულით მიიღო და სიძე სახლში წაიყვანა. ბედნიერი წყვილი სიყვარულსა და თანხმობაში დიდ ხანს ცხოვრობდა.