კითხვები და პასუხები, პირველი ნაწილი

hqdefault

 

  1. შესავალი

ეს სტატია მიმართულია იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც სმენიათ „ებრაელები იესოსთვის“, უნახავთ „ებრაელები იესოსთვის“, შეხვედრიან და უსაუბრიათ „ებრაელებთან იესოსთვის“ და, რომელთაც გამოიჩინეს გულწრფელი ცნობისმოყვარეობა. თქვენ თუ ერთ-ერთ მათგანი ხართ, ჩვენ ვისურვებდით, რომ შემოგვეთავაზებინა ზოგიერთ კითხვაზე პასუხი, მაგრამ საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ არსებობს კითხვები და კითხვები. ვიღაც მხოლოდ იმისთვის სვამს კითხვას, რომ თავისი აზრი გამოხატოს ან გამოამჟღავნოს მტრული განწყობა. ასეთ ადამიანთა შესახებ გერმანელმა სწავლულმა რაბინმა იაკობ ემდენმა აღნიშნა: „ერთ სულელს ისეთი კითხვის დასმა შეუძლია, რომ ათასი ბრძენიც ვერ გასცემს პასუხს“, მაგრამ, სხვა მხრივ, „ჭკვიანი ადამიანის მიერ დასმული კითხვა ნახევარ პასუხს შეიცავს“. მას, ვისაც შეცნობისა და სწავლის გულწრფელი სურვილი აქვს, შეგვიძლი გავცეთ მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი. ამასთან, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენი მამების ღმერთი არის ჭეშმარიტების დამფუძნებელი და მისდამი ნდობით ერთად ვიწყებთ ჩვენს კვლევას.

  1. ვინ არიან „ებრაელები იესოსთვის“?

„ებრაელები იესოსთვის“ არის ორგანიზაცია, რომელიც ითვლის 150 თანამშრომელს. ისინი ებრაელებს ამცნობენ კეთილ უწყებას იმის შესახებ, რომ იესო ან იეშუა (ებრაულად ასე ჟღერს) არის ისრაელის მესია. თავისი არსით, „ებრაელები იესოსთვის“ გახლავთ მზარდი მოძრაობა ებრაელთა შორის, რომლებიც მივიდნენ ასეთ შეხედულებამდე: მოძრაობა წამოწყებულია ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში, ისრაელში, რუსეთსა და უკრაინაში. „ებრაელები იესოსთვის“ თანამშრომლების წარსული გამოხატავს ებრაელთა გამოცდილების ფართო დიაპაზონს. ზოგი ორთოდოქსი ან კონსერვატი იუდაისტი იყო, ზოგიც − ათეისტი.ზოგიერთები თავს არიდებდნენ საკუთარ ებრაულ მემკვიდრეობას, სხვები კი ბოლომდე აცნობიერებდნენ და იღებდნენ საკუთარ ებრაელობას. ძნელია გამოყო ყველასთვის  საერთო ინტელექტუალური, ემოციური, სოციოლოგიური ან კულტურული ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ჩვენს მოქცევას ქრისტიანობაზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ის, რასაც ჩვენს სულში ვგრძნობთ: ცხოვრება ვერ იქნება მთლიანი, თუ ადამიანმა არ გაიაზრა თავისი მორალური დანაშაული, თუ არ გაიაზრა, რომ ის გაუცხოებულია წმინდა ღმერთისგან და, რომ იეშუა არის გზა, რომელიც ღმერთმა მოგვცა თავისი მადლით ამ გაუცხოების გადასალახავად.  სიმართლე გითხრათ, „ებრაელები იესოსთვის“ საერთოდ არ არის ახალი მოვლენა. ჩვენ უკვე 2000 წლის ვართ! იესოს პირველ მიმდევართაგან ხომ ყველა ებრაელი იყო. საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის იყვნენ ისეთი ებრაელები, რომლებიც აღიარებდნენ იესოს ისრაელის მხსნელად, მაგრამ, ბოლო წლებში, მორწმუნე ებრაელთა რიცხვმა მკვეთრად იმატა. ამგვარად, დღეს „ებრაელები იესოსთვის“ რიცხვი, პროცენტული მაჩვენებლით, გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იყო ქრ. შობიდან 1-ლი საუკუნიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე.

ჩვენ, ებრაელები, რომლებმაც ვირწმუნეთ იესო, საერთოდ არ ვთვლით რომ, უარვყავით ჩვენი ებრაული მემკვიდრეობა. პირიქით, ჩვენ მივისწრაფით იმისკენ, რომ აქტიურად შევისწავლოთ და ხორცი შევასხათ ჩვენს რწმენას, როგორც იესოს ებრაელმა მიმდევრებმა.

  1. როგორ შეგიძლიათ გწამდეთ იესოსი და გერქვათ ებრაელები? რატომ არ შეიძლება, გეწოდებოდეთ, უბრალოდ, „ქრისტიანები იესოსთვის“?  საერთოდ, ჩვენ ებრაელებიც გვქვია და ქრისტიანებიც. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ამ ორ გაგებას ერთმანეთისგან განასხვავებენ, აშკარა გაუგებრობაა, თანდაყოლილი მოუთმენლობა და წინასწარშექმნილი ცუდი აზრი. მკაცრი განსაზღვრა იმისა, თუ ვინ ითვლება ებრაელად, კამათს იწვევს ებრაელებს შორის. არ არსებობს საზოგადოდ მიღებული შეთანხმება იმის შესახებ, უნდა  განისაზღვრებოდეს თუ არა ებრაელობა რელიგიით, კულტურით, წარმომავლობით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მაგრამ ბიბლიური გაგებით ებრაელი არის ადამიანი, რომელიც ეკუთვნის ერს, არის აბრაამის, ისაკის და იაკობის შთამომავალი, ერისა, რომელსაც ღმერთმა აღთქმა დაუდო აბრაამის, მოსეს და დავითის მეშვეობით. თვით ღმერთმა შეგვქმნა ებრაელებად; მაშასადამე, ეს არ არის დამოკიდებული ჩვენს შეხედულებასა და ქცევაზე. შეიძლება ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ახალშობილი ებრაელი გაცილებით უფრო ადრე გახლავთ ებრაელი, სანამ მას ჩამოუყალიბდება აზრი რელიგიის ან კულტურის მიმართ! უფრო მეტიც, ჩვენ შორის ვინც ირწმუნა იეშუა, ღმერთისადმი რწმენასთან ერთად მოიპოვა ახალი, უფრო ღრმა თანამონაწილეობა თავის მემკვიდრეობაში, კულტურაში, ტრადიციასა და თავის ერში. (იხ. იოან. 3:3-7 ახალ აღთქმაში და ამ ადგილის წინასახე − ეზეკ. 36:25-27). იესომ უთხრა ნიკოდემოსს: „ვინც არ იშვება მაღლიდან, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს… ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან ვერ შევა ღმერთის სასუფეველში“.

ეზეკიელმა მსგავსადვე აღწერა სულიერი გარდაქმნის პროცესი: „და გასხურებთ წმინდა წყალს და განიწმინდებით მთელი თქვენი სიბილწისგან და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმენდთ. და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს მოგცემთ თქვენ… ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი მცნებებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ შეასრულებთ“.RH-EarlyChristianChurch_DSC_0062-520x245

მართალია თუ არა, რომ ქრისტიანებს სამი ღმერთის სწამთ?

არა! თუმცა ფართოდაა გავრცელებული ცდომილება, რომ ებრაელებს სწამთ ერთი ღმერთის, როცა ქრისტიანებს სწამთ სამი ღმერთის. სინამდვილეში, ქრისტიანობა ისეთივე ღრმა მონოთეისტურია, როგორც იუდაიზმი.

უბრალოდ, ქრისტიანებს სწამთ, რომ ერთადერთი ღმერთი არსებობს მოკვდავი ადამიანისთვის მიუწვდომელ იპოსტასში ანუ სამ არსში. ეს რწმენა დაფუძნებულია არა ფილოსოფიურ მსჯელობაზე, არამედ წერილებზე, როგორც ძველ აღთქმაზე, ასევე ახალ აღთქმაზე.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ებრაული ბიბლია ასწავლის ღმერთის ერთიანობაზე. ებრაელთა რწმენის ძირითადი მტკიცებულება ყოველთვის  იყო ლოცვა „შმა“: „ისმინე ისრაელ: ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი“ (რჯლ. 6:4), მაგრამ ერთღმერთიანობის შესახებ არაორაზროვან მტკიცებებთან ერთად, ბიბლიაში არის არაპირდაპირი მითითებანიც იმის შესახებ, რომ ის, ამავდროულად, გაერთიანებული ერთობაცაა.

ერთ-ერთი მაგალითი ამისა გახლავთ ღმერთის მიმართ სიტყვების მრავლობითი რიცხვის  ფორმით გამოყენება. ყველაზე მეტად გავრცელებული ძველებრაული სიტყვა „ელოჰიმი“ ღმერთის მრავლობითი რიცხვის ფორმაა. „ელოჰიმის“ (ელოახ) მხოლობითი რიცხვი გამოიყენება, მრავლობით რიცხვზე 10-ჯერ ნაკლებად. ხანდახან სახელ „ელოჰიმთან“ ზმნები მრავლობით რიცხვში დგას, როგორც, მაგალითად, დაბადების 20:13

ხანდახან ღმერთი, საკუთარ თავზე საუბრისას, ნაცვალსახელს იყენებს მრავლობით რიცხვში, მაგალითად, დაბადების 1:26.

არსებობს კიდევ სხვა მაგალითები, სადაც გამოყენებულია მრავლობითი რიცხვი ღმერთის აღსაწერად, რაც ქართულ თარგმანში არ ჩანს (მაგალითად, ეკლ. 12:13 ან ეს. 54:54). კიდევ უფრო განსაცვიფრებელ მაგალითად გვევლინება სიტყვა „ეხადი“, რომელიც გამოყენებულია „შმა“-ში ღმერთის ერთიანობის გასაცხადებლად. ეს სიტყვა ვარაუდობს მრავლობითობის არსებობას ან ერთიანობის შიგნით განსხვავებას. ეს განსაკუთრებით ნათლად შეგვიძლია დავინახოთ წერილის რამდენიმე ადგილას: დაბ. 1:5, დაბ. 2:24, ეზრა 2:64 და ეზეკ. 37:17-ში. ერთიანობა გვევლინება დილის საღამოსთან, ქმრის − ცოლთან, საზოგადოების ცალკეულ ნაწილთა და ორი კვერთხის შეხამების შედეგად, თუმცაღა, ძველებრაულ ენაში არის სიტყვა, „იახიდი“, რაც გამოიყენება ერთიანობის განუყოფლობის აღსაწერად. მოხდა ისე, რომ ავტორიტეტულმა სწავლულმა რაბინმა შეადგინა „რწმენის ცამეტი პრინციპი“ და ღმერთის ბუნების აღსაწერად სიტყვა „ეხადი“ შეცვალა „იახიდ“-ით. მას მერე იუდაზმში განმტკიცდა წარმოდგენა ღმერთის ერთიანობის განუყოფლობის შესახებ, თუმცაღა ბიბლია გვაძლევს მრავალრიცხოვან მაგალითს იმისას , რომ მისი ერთიანობა მრავალრიცხოვნებაშია. ნამდვილად, ებრაულ წერილებში ღმერთის გარდა მოხსენიებულია ორი სხვა პიროვნება, ღმერთისგან განსხვავებული გამოსახვით, მაგრამ გარკვეული აზრით, მისნაირი. ეს ორი გახლავთ ღმერთის ანგელოზი და ღმერთის სული, სულიწმინდა. უფლის ანგელოზი რამდენჯერმეა მოხსენიებული, მაგრამ, ამავე დროს, განასახიერებს თავად ღმერთს. მაგალითად, დაბ. 16:7-სა და 16:13-ში ის სახელდება ღვთის ანგელოზად და ღმერთად. სხვა მაგალითი შეგვიძლია მოვძებნოთ დაბ. 22:11-12-ში. მოცემული პიროვნება ერთდროულად ღმერთისგანაც განსხვავდება და ამავდროულად მისნაირიცაა.

ახლა ღმერთის სულზე გადავიდეთ. წერილებში ღმერთის სული მოხსენიებულია, როგორც ცალკე პიროვნება, მაგრამ ღმერთისნაირი. ამის მაგალითები შეგვიძლია ვნახოთ შემდეგ ადგილებში: დაბ. 1:2, ფს. 50:13 და ესაია 11:29.  ძველ დროში, ისრაელი ხშირად იხრებოდა იმ ტომთა კერთაყვანისმცემლობის შეთვისებისკენ, რომელ ტომთა მიერაც იყო გარშემორტყმული და, რომელთა შორისაც მრავალღმერთიანობა იყო გავრცელებული. სწორედ ამიტომ, ებრაული წმინდა წერილი უფრო მეტად ხაზს უსვამდა ღმერთის ერთობას, ვიდრე მის სამერთობას, მაგრამ ახალი აღთქმის დროისათვის, როცა კერპთაყვანისმცემლობა საფრთხეს აღარ წარმოადგენდა ისრაელისთვის, ღმერთის სამერთობა სულ უფრო და უფრო ცხადად გამჟღავნდა წმინდა წერილში. სამი, ზემოხსენებული, პიროვნება ახალ აღთქმაში გამოსახულია, როგორც მამა ღმერთი, ძე ღმერთი (მესია იესო) და სულიწმიდა ღმერთი, რაც არ ეწინააღმდეგება „შმა“-ს ძირითად მტკიცებულებას: „ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!“ მტკიცებულება, რომელსაც თავად იესომ „მცნებათაგან უპირველესი“ უწოდა. შეიძლება საწინააღმდეგო აზრი გამოთქვათ: „დიახ, მაგრამ ქრისტიანებს არ სწამთ, რომ იესო ღვთის ძეა? მაშ, თუ იესო ღმერთია, როგორ შეიძლება, რომ ის ღვთის ძე იყოს? ამით ხომ ადამიანს ღმერთად აქცევთ და თანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღმერთს არ ჰყავს ძე!“ და კვლავაც, ეს ასე არ არის! გამოსვლათა 4:22-23-ში ისრაელს ღვთის ძე ეწოდება. 1 ნეშტთა 17:13-14-ში ისრაელის მეფეს ეწოდება ღვთის ძე. წმინდა წერილის იდეა ის კი არ გახლავთ, რომ ადამიანი იქცა ღმერთად, არა, ღმერთმა დაგვიფაროს!, არამედ ის, რომ მესია თავად იქნება ღმერთი, მოსული ადამიანის სახით. ესაიას 9:5 მესიის მოსვლას შემდეგნაირად გვიხატავს: „რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი“, მაგრამ თუ ღმერთი მართლაც სამპიროვანია, მაშ, მესიას შეიძლება ეწოდებოდეს ღმერთი და არსებობდეს მისდამი მიმართებით, რომელიც განისაზღვრება, როგორც „ღვთის ძე“. წერილების შესწავლის შედეგად ასეთ დასკვნამდე მივდივართ ჩვენ, ებრაელები, რომელთაც გვწამს იესოსი. ჩვენს თანატომელ ებრაელებთან ერთად ვამტკიცებთ, რომ „უფალი, ჩვენი ღმერთი, ერთია“ – ერთობა, რომელიც განისაზღვრება სამერთობის მეშვეობით.

„როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან…“ ზმნა „გამომიყვანა“ ძველებრაულ ენაზე გამოყენებულია მრავლობით რიცხვში.

„თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად…“

„გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში…“ ძველებრაულად სიტყვა „გამჩენი“ მრავლობით რიცხვში დგას.

„რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი…“ აქაც სიტყვები „შემქმნელი“ და „ქმარი“ მრავლობით რიცხვშია ჩასმული.

დაბადების 1:5: „ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე.“

დაბადების 2:24: „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.“

ეზრა 2:64: „მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაორი ათას სამას სამოც კაცს…“ ეზეკიელი 37:16-17: „აიღე შენთის ერთი ჯოხი… და აიღე მეორე ჯოხი… და მიუსადაგე ისინი ერთიმეორეს ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი შენს ხელში“.

მაიმონიდი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა ებრაელთა ისტორიაში. ის დაიბადა ესპანეთში 1135 წელს და ცნობილი იყო, როგორც ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და ექიმი. იუდაიზმის მკვლევართა შორის ის ცნობილია „რამბამის“ სახელით, რაც გახლავთ შემოკლებული ფორმა მისი ებრაული სახელისა „რაბი მოსე ბენ მაიმონი“. მისი ნაშრომი „რწმენის ცამეტი პრინციპი“ დღეს რწმენის ძირითადი სიმბოლოა ორთოდოქს ებრაელთათვის. მაიმონიდი გარდაიცვალა 1204 წელს.

 დაბადების 16:7:  „ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.“

დაბადების 16:13: „ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენა ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი; რადგან თქვა: ხომ ვნახე აქ კვალი ჩემი მხილველისა“.

დაბადების 22:11-12: „მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ –  მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.“

დაბადების 1:2: „მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.“

ფსალმუნი 50:13: „ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.“

ესაია 11:2: „დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა…“

მარკოზი 12:28-30: „მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება? ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, – აი, უპირველესი მცნება.“ აქ იესო მეორე რჯულის 6:4-5-ის ციტირებას ახდენს.

გამოსვლის 4:22-23: „უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი. გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს.“

„მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე. მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.“

  1. რა მტკიცებულებანი გაქვთ იმის დასადასტურებლად, რომ იესო იყო მესია?

მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე ნათელი მოვფინოთ შემდეგს: მისთვის, ვინც უკვე წინასწარ გადაწყვიტა თავისთვის, რომ იესო მესია არ არის, არავითარი მტკიცებულება არ იქნება დამაჯერებელი, მაგრამ მისთვის, ვინც მართლაც ეძებს პასუხს, მტკიცებულებანი თავად მოწმობენ საკუთარ თავზე.

ეს კარგი კითხვაა, თუ მას გულწრფელად სვამენ. ებრაელთა ისტორიაში ხომ არცთუ ისე ცოტა ცრუმესია არსებობდა. ყველაზე ცნობილთა შორის იყვნენ ბარ კოხბა და შაბთაი ცვი. ბარ კოხბა მეთაურობდა რომის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას ახ.წ.აღ-ის 123-135 წლებში. ამ აჯანყების დროს რაბი აკივამ, რომელიც ებრაელთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირი გახლდათ, ბარ-კოხბა „მეფე-მესიად“ გამოაცხადა. სამწუხაროდ, ბარ კოხბა, აკივა და სხვა ათასობით ებრაელი მოკლეს 135 წელს, როცა რომაელებმა შეტევით აიღეს ბაითარის ციხე-სიმაგრე. ბარ კოხბასგან განსხვავებით, შაბთაი ცვიმ საკუთარი თავი თავად გამოაცხადა მესიად. შაბთაის მოძრაობა, რომელმაც მოიცვა ევროპა XVII საუკუნეში, გავრცელდა უბრალო ხალხს და რაბინებს შორისაც, მაგრამ, როცა 1666 წელს შაბთაი თურქეთის სულთანმა შეიპყრო, ის ისლამზე მოექცა, რათა სიკვდილი აერიდებინა თავიდან. ამგვარად, ჩვენ ტრაგიკულ შეცდომებს ვუშვებდით და ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ იესოსადმი რწმენისათვის ჩვენთვის მტკიცე არგუმენტებია აუცილებელი.

მესიის შესახებ გაგება წითელ ხაზად გასდევს მთელს ებრაულ ბიბლიას (ძველ აღთქმას). ის გვამცნობს იმ ნიშნების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია მესიის „ამოცნობა“. წარმოიდგინეთ, რომ გინდათ საკუთარი მეგობრის მოძებნა, ამასთან, მხოლოდ იმ ქვეყნის სახელი იცით, სადაც თქვენი მეგობარი იმყოფება. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია არ იქნება საკმარისი და თქვენ მოგიწევთ გამოარკვიოთ ქალაქის სახელი, ქუჩისა და სახლის მისამართი.

ზუსტად ასევე გვამცნობს ბიბლია იმ ნიშნების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც უნდა „ამოვიცნოთ“ მესია. მისი წარმოშობა, დაბადების ადგილი, მისი მოვლინების დრო და მრავალი სხვა მახასიათებელია მოცემული ძველი აღთქმის ფურცლებზე. ამ ნიშნების მიხედვით შეგვიძლია ვიცნოთ მესია და ამოვიცნოთ თვითმარქვიები.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემეკამათოთ: „დიახ, მაგრამ თუ ეს ნიშნები ასე აშკარაა, მაშ, რატომ არ ირწმუნეს ებრაელებმა იესოსი, არამედ თავი მოატყუებინეს ბარ კოხბასა და შაბთაი ცვის მსგავს ცრუმესიებს?“

იმისათვის, რომ ეს გავიგოთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იესოს მოსვლის დროისათვის ადამიანთა გულებში მესიისადმი სასოება ძლიერ პოლიტიზირებული იყო. ხალხი რომის ტირანიისგან განთავისუფლებას ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ წერილებში საუბარი იყო როგორც მესიის ტანჯვაზე, ასევე გამარჯვებაზე, უბრალო ადამიანთა გულებში, რომაული ბატონობის გავლენით, გამარჯვების მოტივმა სძლია. ეს „ცალმხრივი“ წარმოდგენა მესიის შესახებ დიდხანს შემორჩათ ებრაელებს და პოლიტიკური ვნებათაღელვანიც იყო შერეული მესიისადმი სასოებაში. ამგვარად, ერს უფრო მეტად პოლიტიკური მხსნელის იმედი ჰქონდა, ვიდრე სულიერისა და ამით მნიშვნელოვანწილად აიხსნება ის, რომ ხალხმა მიიღო ბარ კოხბას მსგავსი ადამიანები და უარყო იესო, როგორც მესია.

სხვათა შორის, არ შეიძლება ითქვას, რომ ებრაელთაგან არავინ ირწმუნა იესოს მტკიცებანი, პირიქით, იესოს პირველი მიმდევრები, როგორც უკვე ვთქვით, ებრაელები იყვნენ. უფრო მეტიც, მაშინაც და მოგვიანებითაც იყვნენ რაბინები, რომლებსაც კარგად ესმოდათ, რომ მრავალი მესიანური წინასწარმეტყველება, რომელთაც ქრისტიანები იშველიებენ, აღსრულდა იესოში. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ თალმუდის რაბინები აღიარებდნენ, რომ ესაიას 53-ე თავი მესიის მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველება იყო, შუა საუკუნეებში, მათი ზეწოლა, ვინც ამ წინასწარმეტყველებას იესოს უკავშირებდა, იმდენად გაძლიერდა, რომ ბიბლიის შუა საუკუნეების დიდმა განმმარტებელმა რაშიმ ეს თავი ახლებურად განმარტა და განაცხადა, რომ მასში საუბარია ისრაელიან ერზე. ამ ინტერპრეტაციას დღესაც მრავალი ებრაელი სწავლული უჭერს მიუხედავად იმისა, რომ იგი შუა საუკუნეებით თარიღდება.

rebe

როგორია ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც მესია უნდა ამოვიცნოთ?

ქვემოთ დავასახელებთ ამ ნიშნების ნაწილს – ნაწყვეტებს წმინდა წერილიდან, რომლებსაც ძველი რაბინები მესიას უკავშირებდნენ:

 მესია ბეთლემში უნდა დაიბადოს (მიქა 5:2);

    მესია უნდა იუდას ტომიდან იყოს წარმოშობით (დაბადების 49:10);

    მესია ვირის ჩოჩორზე ამხედრებული უნდა გამოჩნდეს (ზაქარია 9:9);

    მესია უნდა ეწამოს სიკვდილის პირამდე (ფს. 21);

    მესია გამოჩნდება მეორე ტაძრის დანგრევამდე (დანიელი 9:24-27);

    მესიის ცხოვრება განსაზღვრულ აღწერილობას უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც მოიცავს ტანჯვასაც, პატიმრობისა და გასამართლების დროს დუმილსა, სიკვდილს, მდიდრის სამარხში დაკრძალვას და აღდგომას (ესაია 52:13-53:12).

 ყველა დეტალის მიხედვით, რომლებიც შეეხებოდა წარმოშობას, დაბადების ადგილსა და დროს, ასევე, ცხოვრების წესს, იესო შეესაბამებოდა ებრაულ წმინდა წერილთა მესიანურ მოლოდინს. იმის შესახებ კი, როგორ აღასრულა მან წინასწარმეტყველება, დაწერილია ახალი აღთქმის ფურცლებზე, მაგრამ დამატებითი მტკიცებულებანი იმისა, რომ იესო მესიაა, კიდევ რამდენიმე ფაქტორს უყრის თავს.

უპირველეს ყოვლისა, ის მატკიცებდა, რომ მესიაა! ქალმა როდესაც უთხრა მას: „ვიცი, რომ მოვა მესია!“, მან უპასუხა: „მე ვარ, შენთან მოლაპარაკე“. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არაფერს ამტკიცებს, მაგრამ იესოს რომ არასოდეს გამოეცხადებინა საკუთარი თავი მესიად, მაშ, რაში უნდა დაგვჭირვებოდა მცდელობა იმისა, რომ იესო მართლაც მესია იყო? მისივე მტკიცებანი უდევს საფუძვლად სხვა ყველა მტკიცებულებას.

შემდეგ: იესოს ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება ცრუმესიათა ცხოვრებისგან. მასში ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციას იმისას, როგორი უნდა იყოს და რას უნდა აკეთებდეს მესია. ამგვარად, იესო მრავალ სასწაულს ახდენდა: ის კურნავდა, ადამიანებს ცხოვრების საზრისს უცხადებდა, მიუტევებდა მათ ცოდვებს და აღადგენდა გაწყვეტილ კავშირებს. შაბთაი ცვისგან განსხვავებით ის აღდგა სიკვდილის შემდეგ!

აღდგომა მესამე პუნქტია დამატებით მტკიცებულებათა ჩამონათვალში და, შესაძლოა, ეს ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა იესოს მტკიცებათა სამართლიანობის დასადასტურებლად. ებრაელმა სწავლულმა ფინხას ლაპიდმა დაწერა წიგნი, რომელმაც არცთუ მცირე რეზონანსი გამოიწვია ებრაულ წრეში. ლაპიდმა განაცხადა, რომ იესოს აღდგომა სავსებით თავსდება დასაშვების ჩარჩოებში. ებრაულ წერილებში ხომ საკმაოდ ბევრია მონათხრობი მკვდრეთით აღმდგარ ადამიანთა შესახებ, ამბობდა იგი. რატომ არ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო იესოს შემთხვევაშიც? სამწუხაროდ, ლაპიდი ვერ ამჩნევს იმას, რომ იესოს აღდგომა აღწერილია ისეთ სიტყვათა მეშვეობით, რომლებიც დიდად აღემატება მკვდრეთით აღდგომის შესახებ სხვა ყველა ამბავს. ლაპიდი ასევე არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ იესომ თავად იწინასწარმეტყველა საკუთარი აღდგომა და ამგვარად დაამტკიცა თავისი მესიანობა.

ისტორიის განმავლობაში არაერთი განმარტება იქნა შემოთავაზებული აღდგომის ასახსნელად. რომელთაგან ზოგი მის ისტორიულობას („ეს საერთოდ არ მომხდარა“) უარყოფდა, ზოგიც − მის ზებუნებრიობას („აი, ასე მოხდა ეს სინამდვილეში“), მაგრამ ამ განმარტებებმა წარმატებას ვერ მიაღწია. სცადეთ და თავად გადახედეთ იესოს აღდგომის შესახებ სხვადასხვა ვარიანტს და ნახეთ, რომელი მათგანი შეესაბამება საღ აზრს. დავუშვათ, რომ რომაელმა ხელისუფლებმა მოიპარეს იესოს სხეული სამარხიდან. მაშ, რატომ არ გამოაჩინეს ქრისტეს სხეული მაშინ, როცა გავრცელდა ხმები იესოს აღდგომის შესახებ? დავუშვათ, რომ სხეული მოწაფეებმა მოიპარეს, მაგრამ შეიძლება ამგვარი ინსცენირებით აიხსნას ის მკვეთრი ცვლილება, რაც მათ ქცევაში მოხდა? სულ რაღაც სამი დღის წინ ისინი იყვნენ იმედგაცრუებული, დამარცხებული იდეალისტები, რომელთაც უწინ იმედი ჰქონდათ იმისა, რომ იესო ახალ მსოფლიო წესრიგს დაამყარებდა. შეიძლებოდა, რომ ტყუილი, რომლისაც თავადაც არ სჯეროდათ, გამხდარიყო მათი სასოების, მათი გაბედულების მიზეზი, როცა ისინი დევნას განიცდიდნენ და, როცა მაღალზნეობრივ ფასეულობებს იცავდნენ?  იქნებ, იესო საერთოდ არ მომკვდარა; მან მხოლოდ გონება დაკარგა ჯვარზე და სამარხში გონს მოვიდა. ეს იდეა წამოაყენა ჰიუ შონფილდმა წიგნში „სააღდგომო შეთქმულება“. სამწუხაროდ, ავტორმა არ გაითვალისწინა ის, რომ რომაელებმა იესოს ფერდში აძგერეს შუბი და ამას კი, ნამდვილად უნდა გამოეწვია მისი სიკვდილი. გარდა ამისა, სამარხს რომაელი ჯარისკაცები სდარაჯობდნენ, შესასვლელი კი უზარმაზარი ქვით იყო დაგმანული. სწორედ ამიტომ, გაცოცხლებულ ქრისტეს არავითარი შესაძლებლობა არ ექნებოდა იმისა, რომ სამარხი დაეტოვებინა, ხოლო შემდეგ კი ასობით სკეპტიკურად განწყობილი მოწმე დაერწმუნებინა იმაში, რომ მან სიკვდილს სძლია სამუდამოდ! შესაძლოა, ეს მასობრივი ჰალუცინაცია იყო? მაშინ ეს დაუჯერებელი შემთხვევა უნდა იყოს, რადგან ჰალუცინაციები ჰქონდა სრულიად სხვადასხვა ფსიქიკური წყობის ადამიანებს მრავალ სხვადასხვა ადგილზე და დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ერთი ადამიანის გასულელება შეიძლება, მაგრამ ხუთასი ადამიანი როგორ უნდა მოატყუო, რომელთაც ერთდროულად ნახეს ქრისტე? განსხვავებით იმისგან, როგორც, ჩვეულებისამებრ, ხდება ხოლმე ჰალუცინაციების დროს, აღმდგარი იესოს ჩვენებანი ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო, აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ. ერთადერთი დამაკმაყოფილებელი ახსნა ისაა, რომ აღდგომა მართლაც მოხდა, როგორც ამას ამბობს კიდეც წმინდა წერილი. და ეს თუ ასეა, რა უნდა იყოს ამაზე უფრო სერიოზული მიზეზი იმისა, რომ იესო მესიად ვაღიაროთ? ბოლოს, იესო ცვლის ადამიანთა ცხოვრებას. იმის წყალობით, რომ იესო ცოდვის მსხვერპლი და ღმერთთან ჩვენი შერიგება გახლდათ, მას ჩვენს ცხოვრებაში მშვიდობა და სიხარული მოაქვს, ჩვენს ცხოვრებას აზრს ანიჭებს. მისდამი რწმენის გარეშე არ არსებობს საფუძველი არც ჭეშმარიტი მშვიდობისათვის, არც სწორი მიმართულების არჩევისათვის, რადგან ასე ამბობს ესაია: „…შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე (ადამიანო)“. ის, როგორ იკურნება ეს შემცოდეობა იესოს ჩანაცვლებითი მსხვერპლის მეშვეობით, საკუთარ ცხოვრებაში გამოსცდიან მისი მორწმუნენი.

ამგვარად, ძველ და ახალ აღთქმაში არსებულ ობიექტურ მოწმობათა საფუძველზე, ასევე, ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში გამოვლენილ სუბიექტურ მოწმობათა საფუძველზე, გვაქვს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ იესო იყო ის, რადაც საკუთარ თავს აცხადებდა!

იოან. 4:25-26.

ესაია 48:8

7 იესო თუ მესია იყო, მაშ, რატომ არ არის მშვიდობა დედამიწაზე? რატომ ეწყობოდა ამდენი დევნა იესოს სახელით?მსოფლიოში არსებული ყველა მფრინავი საბრძოლო აღჭურვილობა უცებ რომ დაიშალოს, ყველა დანა და ავტომატი რომ განადგურდეს, ქიმიური იარაღის შემადგენლობაში შემავალი ყველა ნივთიერების ნეიტრალიზება რომ მოხდეს, ადამიანები მაინც ძალიან მალე გამოიგონებენ ახალ საშუალებებს ბოროტების გავრცელებისა და ერთმანეთზე ძალადობისათვის. ჭეშმარიტი მშვიდობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ომის შეწყვეტა. არ არის საკმარისი მხოლოდ რაღაცის შეცვლა ჩვენ გარშემო. ჭეშმარიტი მშვიდობა ისაა, რაც ადამიანს გულში აქვს, ამას კი გარეგანი ძალების გამოყენებით თავს ვერ მოახვევ მას. ჭეშმარიტი მშვიდობა ადამიანის შინაგანში უნდა იწყებოდეს. მის წყაროდ მხოლოდ უფლის წინაშე მონანიება და იესოსადმი ერთგულება  შეიძლება იქცეს, იესოსადმი, როგორც მესიისა და ქვეყნიერების უფლისადმი. ებრაელთა დევნა, ვითომდა, იესოსადმი საკუთარი ერთგულების მიზეზით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იმ მდევნელთ, რომელნიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, სინამდვილეში, არ ჰქონდათ გულში ღვთიური მშვიდობა და არ მისდევდნენ იესოს სწავლებას. იესო ხომ თავად აფრთხილებდა ადამიანებს, რომ მოვლენ ადამიანები, რომლებიც ეტყვიან მას: „უფალო, უფალო!“, მაგრამ მათი საქციელნი ღვთის ნების საწინააღმდეგო იქნება. საბედნიეროდ, ისინი, ვინც ჭეშმარიტად მიჰყვებოდა იესოს სწავლებას, ყოველთვის უწვდიდა დახმარების ხელს ებრაელ ერს და ყოველთვის მხარს უჭერდა მას. შეიძლება გავიხსენოთ ჰოლანდიელი ქრისტიანები, რომლებიც ებრაელებს მალავდნენ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, როცა მათი მასობრივი განადგურება მიმდინარეობდა.

შეიძლება იმის გაგებაც, დღემდე, ყოველთვის რატომ არ ენდობიან ქრისტიანებს ებრაელები და რატომ თვლიან ხანდახან მათ ყველაზე კეთილშობილურ და ქრისტიანულ მოქცევას საეჭვოდ, თითქოსდა, მათში ანტისემიტური მოტივები იყოს დაფარული. ანტისემიტიზმის რეალობას გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ ასევე არ შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის რეალობის უარყოფაც. ისინი, ვის გულებშიც ღვთიური მშვიდობაა, მისდევენ იესოს მაგალითს და ამჟღავნებენ არა სიძულვილს, არამედ სიყვარულს როგორც ებრაელებისადმი, ასევე სხვა ხალხებისადმიც.

როგორ შეგიძლიათ გწამდეთ ღმერთის, იესოზე ლაპარაკს რომ თავი დავანებოთ, ამდენი საშინელებისა და კატასტროფის შემდეგ?

ათასობით წიგნი და ათი ათასობით სტატიაა დაწერილი იმისათვის, რომ ადამიანები შეეცადონ იმის გაგებას, რა მოხდა ჰიტლერის მიერ შექმნილ ჯოჯოხეთში. ეს ყველაზე რთული კითხვაა, რაც თითოეული ებრაელის გულში არსებობს. ჩვენ არ გვტოვებს შიში იმისა, რომ ეს კვლავაც შეიძლება განმეორდეს. ჩვენ გამუდმებით ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს: „სად იყავი, როცა ექვსი მილიონი ებრაელი იღუპებოდა? როგორ შეიძლება ამის გაგება?“ ჩვენი დროის საუკეთესო გონების პატრონთა მიერ შემოთავაზებული ყველაზე წარუმატებელი განმარტებანიც კი რამდენად უსუსური ჩანს! მათი მოსმენის შემდეგ ადამიანს, არცთუ იშვიათად, უჩნდება სხვა კითხვა: „შეიძლება გვჯეროდეს, რომ სიცოცხლეს თუნდაც რაიმე აზრი გააჩნია ამდენი ტანჯვათა და სიკვდილთა პირისპირ?“

შესაძლოა, პასუხები, ჰოლოკოსტის მიერ ჩვენთვის დასმულ კითხვებზე (ჰოლოკოსტი ან კატასტროფა – მთელს მსოფლიოში მიღებული სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ებრაელთა მასობრივი განადგურებისა – მთარგმნ. შენიშვნ.) მეტისმეტად საშინელია იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მათი მიღება. ბოლოსდაბოლოს, საუბარი არ ეხება ერთი ერის მიერ მეორე ერის ამოწყვეტას, არა მცდელობას ერთი რელიგიისას მეორე მეტოქე რელიგიის ამოძირკვისას, არა პოლიტიკურ მიზანდასახულობას, არამედ, სავარაუდოდ, მწარე სიმართლე თავად ადამიანის ბუნებაში იმალება და დროს, რომელშიც ის ცხოვრობს, მნიშვნელობა არ აქვს.

ჰოლოკოსტი მაგალითად დავასახელე, მაგრამ ჩვენ იგი იზოლირებულ მოვლენად არ უნდა ჩავთვალოთ, რომელიც არ არის ომთან, სიხარბესა და უღვთოებასთან დაკავშირებული. არ შეიძლება, არ გავითვალისწინოთ ის, რომ ადრე ადამიანთა მასობრივი განადგურება ხდებოდა. მხოლოდ ჩვენს ისტორიაში შეგვიძლია გავიხსენოთ ფარაონების ან ჰამანის დრო. მოგვიანებით, გენოციდის საშინელმა გველეშაპმა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე გადაყლაპა სომალიში, უგანდასა და კამბოჯაში.

ვფიქრობ, ცოტა თუ აცნობიერებს, რომ ადამიანთა მასობრივი განადგურების მიზეზი არა რომელიღაც დამახინჯებული რელიგია, პოლიტიკური სისტემა ან ფილოსოფია. ყველაზე საშინელი რამ ისაა, რომ ჰოლოკოსტი კიდევ ერთი დამოწმებაა იმისა, რომ თავად ადამიანის ბუნებაა დამახინჯებული და საკუთარ თავში ატარებს კაცობრიობის უდიდეს წყევლას.

ებრაელთათვის ჰოლოკოსტის საშინელებას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ იუდაისტური თეოლოგია ვერ ხსნის, როგორ შეეძლო სამართლიან, მოსიყვარულე, გულმოწყალე ღმერთს, რომელმაც ისრაელი თავის რჩეულ ერად გამოაცხადა, ასეთი რამ დაეშვა. ადამიანის შესახებ იუდაისტური კონცეფცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ ყველა ცუდი და კარგი განზრახვებით ვიბადებით, ეწინააღმდეგება ბიბლიურ წარმოდგენას, რომლის თანახმადაც ადამიანს თავიდანვე ბოროტი უდევს გულში და თავისი ბუნების კვალდაკვალ სვლისას, ის აუცილებლად შესცოდავს. ამის შესახებ საუბრობს წმინდა წერილი: „აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი“ (ფს. 50:7).

რაბინთა წარმოდგენის თანახმად, ადამიანისათვის არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ, როგორღაც ჩაახშოს თავისი ცუდი მიდრეკილებანი. თორის შესწავლა, „მიცვოთის“ (კეთილ საქმეთა) დაცვა და გამუდმებული ლოცვა ის საშუალებაა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ განამტკიცოს ადამიანური საწყისები და გაამარჯვებინოს მას ცოდვილ მისწრაფებებზე, თუმცაღა წინასწარმეტყველთა სწავლება და თავდაპირველი იუდაიზმი ამას სხვაგვარად უყურებენ. იერემია წერდა: „ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?“ (იერემ. 17:9).

ჭეშმარიტი ებრაელობა გვასწავლის, რომ ადამიანი თავისთავად უიმედოდ ცოდვილია და მაშინაც კი, როცა ის ფიქრობს, რომ სწორად იქცევა, მისი გული შეიძლება ცდუნდეს და ჩაიდინოს ჰოლოკოსტის მსგავსი საშინელი სიმხეცენი.

ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ყველაზე დიდ დაბნეულობას იწვევს, გახლავთ მრავალი ნაცისტის გულწრფელი დარწმუნებულობა საკუთარ სიმართლეში, მაგრამ სწორედ იმაშია საქმე, რომ ადამიანის გულწრფელი რწმენა იმისადმი, რომ იგი სწორად იქცევა, არ კმარა სიმართლის მისაღწევად! უდიდესი სისასტიკენი ყოველთვის ჭეშმარიტების, რელიგიისა და ერის კეთილდღეობის სახელით ხდებოდა.

ჰოლოკოსტის საზრისს სრულად ვერასოდეს ჩავწვდებით მარადისობის ამ მხარეზე ყოფნისას, მაგრამ მასში ბევრი გაკვეთილია ყველა ჩვენგანისათვის. კაცობრიობის უნარი ბოროტების ჩადენისა და გავრცელებისა, დიდად აღემატება ნებისმიერი ჰუმანისტური ფილოსოფიის უნარს, რომელიც მის ახსნას ცდილობს. რასაკვირველია, ჰიტლერსა და მის ნაცისტურ გარემოცვას აბსოლუტურად უზნეო ადამიანებად ვთვლით და ეს აზრი თავისთავად მოდის ჩვენს გონებაში, თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მრავალი მათგანი სრულიად გულწრფელი იყო და საკუთარ თავში ახშობდა გულისრევის გრძნობას, რაც უცილობლად ჩნდებოდა მათში, როცა მთელს ერს აწამებდნენ და ანადურებდნენ რაღაცა უმაღლესი კეთილდღეობის გულისათვის. აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ადამიანი ყველაზე საშიში მაშინაა, როცა მას თავისი აბსოლუტური სიმართლისა სჯერა. გულწრფელობა იმდენადვე შეიძლება ემსახურებოდეს ბოროტებას, როგორც სიკეთეს.

მხოლოდ ადამიანური წესიერება და მტკიცე შეხედულებანი არ არის საკმარისი. კეთილ ზრახვათა მქონე ადამიანებმა შეიძლება დაუშვან ის, რომ გაერიონ ყველაზე დანაშაულებრივ საქმეებში და შეურიგდნენ ბოროტებას, რომელმაც ჰოლოკოსტის მსგავს შემზარავ მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს, თუკი მათ, რომელიმე პიროვნების, პარტიის ან წმინდა წერილზე დაფუძნებული ფილოსოფიის ავტორიტეტის უცილობლობისა სწამთ.

ჩვენ მხსნელი გვჭირდება, რომლის ძლიერებაც დედამიწაზე მცხოვრები, ერთად აღებული, ყველა ერის ძლიერებას აღემატება. ჰიტლერის წინაშე ტრაგიკულად უძლურნი აღმოვჩნდით. მოკავშირე ქვეყნებმა საკუთარი თავი უმწეოდ გამოაცხადეს. რელიგიურმა წრეები, რომლებიც ღმერთის სახელით უნდა გამოსულიყვნენ, შემოისაზღვრნენ იმით, რომ საკუთარი ზნეობრივი შეშფოთება გამოთქვეს და ამაზე შეჩერდნენ. ჩვენი ადამიანური მოუთმენლობა აზარტისა და ძალის მხარეს დადგომისკენ რომ გვიბიძგებს ძლიერად, რა ლოზუნგებითაც უნდა გამოვიდეთ, მაინც უსაზღვროდ გვჭირდება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, კეთილი ზრახვანი და შინაგანი მოტივები. აუცილებელია თავად შემოქმედის ჩარევა, რომ გვიხსნას საკუთარი თავისგან. ეს, ზოგადად, არის კიდეც ის ძირითადი აზრი, რაც ვითარდება წმინდა წერილებში და რომლის მონაწილედ გახდომასაც გვთავაზობს ჩვენ.

ებრაელი ერი გადაურჩა ფარაონებს, ჰამანებს, ჰიტლერებს და ამა სოფლის ყველა დემონურ ძალას. ექვსი მილიონი დაღუპულის გამო მწუხარება სრულებით მართებულია, მაგრამ აუცილებელია იმის გაგება, რომ ბოროტების ძალებს რომ გაემარჯვათ, ებრაელი ერი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ. დიახ, ჰოლოკოსტი მოხდა, ეს უდავოა, მაგრამ ასევე უდავოა ისიც, რომ ღმერთმა დაიფარა ებრალი ერი და ჩვენ გადავრჩით, რათა ვიყოთ ცოცხალი დამოწმება იმისა, რომ ბიბლია ჭეშმარიტია და, რომ ღმერთი ერთგულია თავისი სიტყვისადმი.

როგორ შეგიძლიათ გწამდეთ ახალი აღთქმისა, რომელის ანტისემიტიზმითა და სიცრუითაა სავსე?

ახალი აღთქმა ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის იგი – ეს ებრაული წიგნია, თითქმის მთლიანად ებრაელთა მიერ დაწერილი. ახალი აღთქმის იდეათა უმრავლესობა გაუგებარია მათ წინასახეთა გარეშე, რომელთა პოვნაც ძველ აღთქმაშია შესაძლებელია. რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ ახალი აღთქმის ბევრი იდეა არ არის ებრაული, არამედ ბერძნული, თუმცაღა, მოგვიანებით, არქეოლოგიამ დაამტკიცა, რომ ახალ აღთქმას ებრაული წარმომავლობა გააჩნია.

ახალი აღთქმის თუნდაც რამდენიმე მუხლს რომ შევხედოთ, მათში ებრაულ ფესვებს დავინახავთ:

„წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.“ (მათ. 1:1).

„მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად…“ (ლუკ. 1:59).

„ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან.“ (იოან. 10:22-23).

„მან (პავლემ) კი განაგრძო: მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი.“ (საქმე. 22:2-3).

„იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, – გიხაროდეთ.“ (იაკობ. 1:1).

უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის ისრაელშიც, აღიარებს იმ ფაქტს, რომ ახალი აღთქმა ებრაული წიგნია, რომელიც ებრაულ წერილთა გვერდით დგას. ებრაელმა სწავლულმა ფინხას ლაპიდმა გამოაქვეყნა დაწყებითი და საშუალო სკოლისათვის განკუთვნილი ათი ებრაული სახელმძღვანელოს ანალიზი. ის გვამცნობს, რომ „რომ ამ წიგნთაგან ექვსში ციტირებულია 18 ნაწყვეტი ახალი აღთქმიდან… ამ წიგნებში მოცემულია დაწვრილებითი აღწერა ოთხი სახარების ისტორიული, რელიგიური და ლიტერატურული ფასეულობისა… ორ წიგნში ძველაღთქმისეული ციტატები შეპირისპირებულია ახალაღთქმისეულ ციტატებთან მათ შორის სიახლოვისა და მსგავსების გამოვლენის მიზნით“. ანტისემიტიზმში ბრალდებას რაც შეეხება, მოდით, გავიხსენოთ, რომ ადრეული ქრისტიანობის დროს არაებრაელთა შორის არ იყვნენ მორწმუნენი. საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა იესო მესია, მთლიანად შიდა საქმე გახლდათ, რომელიც ებრაული თემის მიერ უნდა გადაწყვეტილიყო. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მრავალი ადგილის ტონი, რომლებიც შეიცავს ებრაელი ერის ამა თუ იმ ჯგუფის კრიტიკას. ახალი აღთქმის „უხეში“ ადგილები გაცილებით უფრო მეტად გვაგონებს წინასწარმეტყველთა ზნეობრივ მხილებათ, ვიდრე შეუწყნარებლობით გაჟღენთილ შუა საუკუნეების ქადაგებათა რიტორიკას. ავიღოთ, მაგალითად, ებრაელებთან დაკავშირებული შემდეგი ნაწყვეტი:

„ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!“

თქვენ იფიქრეთ, რომ ეს ნაწყვეტია ახალი აღთქმიდან? მაშ, თქვენ ვერ გიცვნიათ ციტატა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველის ესაიასი. მსგავსი გამოთქმანი, რომლებიც მიმართული იყო ცოდვილი გზიდან ერის შემობრუნებისკენ, ყოველთვის შეადგენდა წინასწარმეტყველური ტრადიციის ნაწილს. ახალი აღთქმა აგრძელებს ამ ტრადიციას, მაგრამ, ამავდროულად, მასში ვითარდება ისრაელის ღმერთთან ურთიერთობის დადებით მხარეთა გამოსახვის ტრადიცია.

ჩვენ წინაშე მდგარი კითხვა ის კი არ გახლავთ, არის თუ არა ახალი აღთქმა ებრაული, არამედ

არის თუ არა იგი ჭეშმარიტი. ახალ აღთქმასა და ებრაულ წერილებს ერთი და იმავე კრიტერიუმებით თუ შევამოწმებთ ისტორიულად და სანდოობის მხრივ, დავრწმუნდებით იმაში, რომ ორივე წიგნი ერთნაირად ჭეშმარიტია.

ლაპიდ ფინხასი. „ისრაელი, ებრაელები და იესო“. (Doubleday&Co., 1979), გვ.49.ეს. 1:4

თარგმნა: ნინო ხუროშვილმა.