მესიანური ებრაელები მეორე საუკუნეში

31741828_tora

მესიანურ იუდაიზმთან დაკავშირებული ორი გაუგებრობა და ბრალდება, რომლებიც ხშირად მესმის:

  1. მესიანური იუდაიზმი არცთუ ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფენომენია, რომელიც წარმოიშვა იმისათვის, რომ ქრისტიანობა მისაღები გახადოს ებრაელთათვის.
  2. მესიანური იუდაიზმი ხელახლა აღმართავს დაბრკოლებას (ეფეს. 2:14) და ერთმანეთისგან ყოფს ებრაელ და არაებრაელ მორწმუნეებს.

საოცარია, მაგრამ ეს პრობლემები მეორე საუკუნის შუა ხანებშიც არსებობდა (ამით იმის ჩვენება მინდა, რომ მესიანური იუდაიზმი თანამედროვე ფენომენი არ გახლავთ).

იუსტინე ფილოსოფოსი (წამებული)

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იუსტინე ფილოსოფოსზე, რომელიც ამ შეჯიბრში ყველაზე მოულოდნელი მოკავშირე გახლავთ. ის ერთ-ერთი პირველი მომხრე იყო შენაცვლების თეორიისა და წერდა:

ჭეშმარიტი სულიერი ისრაელი და იუდას, იაკობის, ისაკისა და აბრაამის  შთამომავლები ვართ  ჩვენ, ისინი, ვინც  უფალთან  მივიდა   ჯვარცმული  ქრისტეს მეშვეობით. ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც  მოპოვებულნი  იქნენ ქრისტეს  წიაღიდან,  ჩვენ ვართ  ჭეშმარიტი ისრაელიანი ერი.

თავის „დიალოგში ტრიფონ იუდეველთან“ იუსტინე ფილოსოფოსი გვიჩვენებს, რომ მეორე საუკუნის შუა ხანებშიც კი, მესიის შობიდან 150 წლის შემდგომ, საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა იეშუას მორწმუნე ებრაელებს განაგრძონ ცხოვრება, როგორც იუდეველმა ორთოდოქსებმა, ჩანასახშივე აღიკვეთებოდა. გახსოვდეთ, რომ მრავალი იუსტინეს მეორე საუკუნის წამყვან თეოლოგად მიიჩნევს და ამიტომ, ის ფაქტი, რომ იგი ამ საკითხებს მიმართავს, გვიჩვენებს, რომ არსებობდა რაღაც, რასთან შეჯახებაც უწევდათ მეორე საუკუნის მორწმუნეებს.

ირონია ისაა, რომ სწორედ ასი წლით ადრე მოწაფეები სრულიად საპირისპირო საკითხს წააწყდნენ. წარმართები იუდაიზმზე უნდა მოქცეულიყვნენ და წინადაეცვითათ იმისათვის, რომ მორწმუნეებად ჩათვლილიყვნენ? პასუხი ზეციდან (საქმეები მე-15 თავი) იყო „არა“, მაგრამ მათ არასოდეს მოსვლიათ აზრად, რომ ებრაელები, რომლებიც შეიცნობდნენ ებრაელ მესიას, აღარ უნდა ეცათ პატივი თორისათვის, არა იმიტომ, რომ თორა იყო ხსნის საშუალება, არამედ, იმიტომ, რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი უნიკალური მოწოდება (რომ. 11:29). საქმეების 21-თავში, იერუსალიმის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, იერუსალიმში ათობით ათას მორწმუნე ებრაელ ვხედავთ და ყველა „რჯულის გულმხურვალედ დამცველი“ (საქმე. 21:20).

ახლა კი, ასი წლის შემდეგ. ებრაელ მორწმუნეთა თემი (უფრო მეტად ცნობილნი ნაზარეველთა სახელით) გარდა იმისა, რომ აღარ იკავებდა გამოჩენილი მასწავლებლის  მდგომარეობას მორწმუნეთა შორის, არამედ უარყოფილი იყო საკუთარ ხორციელ თვისტომთა მიერ (იმის გამო, რომ არ მიიღეს ცრუ მესია და შფოთისთავი ბარ-კოხბა) და ეკლესიის წევრთაგან ბევრი არიდებდა მათ თავს, რადგან ისინი ებრაელთა მსგავსად აგრძელებდნენ ცხოვრებას. ასევე სავარაუდოა, რომ მრავალი არაებრაელი მორწმუნე ადანაშაულებდა ებრაელ მორწმუნეებს იმის გამო, რომ, თითქოს, ისინი დაბრკოლებას აღმართავდნენ მათ შორის.

მითი დაბრკოლების შესახებ

დანგრეული დაბრკოლება, რომლის შესახებაც საუბრობს პავლე, ეს არც თორაა და არც ებრაული წერილნი, არამედ იმ დროს ტაძარში რეალურად არსებული კედელი. არაებრაელებს არ შეეძლოთ ამ ხაზის გადაკვეთა, მაგრამ იგი დაძლეულ იქნა იეშუას სისხლით, რომელიც არ განარჩევს კანის ფერს, რასასა და სქესს. ყოველ ადამიანს შეუძლია მიიღოს პატიება მიუხედავად თავისი ბიოგრაფიული მონაცემებისა. ასე თქვა სიმონ პეტრემ,  როცა კორნელიუსსა და მის მეგობრებს მიმართავდა:

„პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.“ (საქმეები 10:34-35)

დაბრკოლებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ებრაელ ერთან, რომელიც განაგრძობდა მოსეს რჯულის შესრულებას (რომელიც, სინამდვილეში, გახლავთ ღვთის რჯული, მოსესთვის ღვთის მიერ მიცემული). დაბრკოლება წინ ეღობებოდა არაებრაელებს სრულ თანამონაწილეობაში. ეს კედელი განადგურდა იმისათვის, რომ ხსნის ზეთისხილზე დამყნობილიყვნენ ერები და არა იმისათვის, რომ განადგურებულიყო ებრაელთა იგივეობა. წარმართების იძულება იუდაიზმისკენ მოქცევისა ჰგავდა დაბრკოლების ხელახლა აღმართვას, მაგრამ პავლე, რომელმაც დაწერა ეფესელთა 2:15, გახლდათ თორის დამცველი ებრაელი. ბოლოს, მსმენია, რომ ადამიანები ამბობენ, რომ  მესიანური ებრაელები, რომლებიც განაგრძობენ ებრაელთა მსგავსად ცხოვრებას, არაებრაელთა უარყოფის ფორმაა.

მესმის, რომ მეორეხარისხოვანი დეტალების შესახებ საუბარზე გადავდივარ, მაგრამ, ნება მომეცით, გიჩვენოთ კიდევ ერთი დაკვირვების შედეგი, სანამ იუსტინეს სიტყვებს დავუბრუნდებოდეთ. კათოლიკურმა ეკლესიამ ძალადობით უპასუხა კითხვას, შეეძლოთ თუ არა ებრაელებს ებრაელებად დარჩენა მას შემდეგ, რაც ებრაელ მესიას ირწმუნებდნენ. ინკვიზიციის დროს მოქცეულ ებრაელებს (ქვეყნიდან განდევნის მუქარით) სიკვდილისა და წამების მუქარით ეკრძალებოდათ ებრაელთა მსგავსად ცხოვრების გაგრძელება ნებიემიერ გამოვლინებაში. ჯაშუშებსაც კი გზავნიდნენ, რომლებიც უნდა დაკვირვებოდნენ, სრულდებოდა თუ არა ეს კანონი და ემხილებინათ ისინი, რომლებიც არღვევდნენ მას.

 

დასკვნები მეორე საუკუნესთან დაკავშირებით

იუსტინე ფილოსოფოსი არ ეთანხმება მათ შემდგომ დასკვნებს. ტრიფონ იუდეველთან თავის დიალოგში ის ედავება გამოგონილ მოსაუბრეს (ტრიფონ იუდეველს) იმის შესახებ, არის თუ არა იესო წინასწარმეტყველთა მიერ აღთქმული ებრაელი მესია. ტრიფონი ეკითხება:

„თუ ზოგიერთ [ებრაელ მორწმუნეს], დღესაც კი, სურს მოსეს რჯულის დაცვა და ასე ცხოვრება და სწამთ  ჯვარცმული იესოსი, აღიარებენ მას ქრისტედ ღმერთისად და იმასაც, რომ მას მიეცა უფლება ყოველივეს განსჯისა და, რომ მისი სამეფო მარადიულია, შეუძლიათ მათაც, იყვნენ გადარჩენილნი?… თუ ვინმე… მას შემდეგ, რაც აღიარებს ამ ადამიანს [წინასწარმეტყველთა მიერ აღთქმულ ებრაელ მესიას], ირწმუნებს და დაემორჩილება მას, თუმცა სურს, რომ დაიცვას ეს მითითებანი [მოსეს მიერ მოცემული], იქნება დახსნილი?“

იუსტინე პასუხობს:

„ჩემი შეხედულებით, ტრიფონ, ასეთ  ადამიანი გადარჩება, თუ მას  არ  ექნება მისწრაფება ყოველმხრივ დაარწმუნოს ყველა ადამიანი. ვგულისხმობ… წარმართებს, რათა ისინიც იმავეს იცავდნენ, რასაც ის, ეუბნებოდეს მათ, რომ ვერ გადარჩებიან, სანამ იმავეს არ გააკეთებენ.“

ეს არის ძირითადი ებრაული მესიანური თეოლოგია! ებრაელები მოწოდებულნი არიან (მაგრამ ეს არაა მოთხოვნა) განაგრძონ ცხოვრება და საკუთარი თავის კვლავ ებრაელობასთან გაიგივება, მაგრამ ჩვენ, არავითარ შემთხვევაში არ ვთვლით სწორად, რომ არაებრაელი მორწმუნეები იცავდნენ ლიტურგიულ ასპექტებს (მაგალითად, წინადაცვეთას, შაბათს, დღესასწაულებს, კვების წესებს) ხსნის გულისათვის. მიკვირს, რომ ოდესმე არსებული ყველაზე დამანგრეველი, მკვლელი თეოლოგიის ერთ-ერთი მომხრე ამავდროულად მესიანური იუდაიზმის მომხრეც გახლდათ! ყოველ შემთხვევაში, არ ეწინააღმდეგებოდა მას.

ამგვარად, თუ ადამიანი, რომელსაც სწამს, რომ ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი და ისრაელი მეტად აღარ არის მოწოდებული და რჩეული, არაფერი აქვს საწინააღმდეგო ებრაელი მორწმუნეებისადმი, რომლებიც განაგრძობენ ებრაელთა მსგავსად ცხოვრებას, მაშ, რატომ ბრკოლდებიან ამაზე ადამიანები დღეს?

დასკვნის სახით:

უკანასკნელი დასკვნა, რომელიც შეიძლება ზემოთქმულიდან გამოვიტანოთ, გახლავთ ის, რომ იეშუას დაბადებიდან 150 წლის შემდგომ, რომის იმპერიაში რჩებოდნენ მორწმუნეები, რომლებსაც უყვარდათ იეშუა და განაგრძობდნენ თორის დაცვას.

ავტორი რონ კანტორი / messiahsmandate.org