დღესასწაული იწყება ეინ გედიში ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტით

fest80 ქვეყნიდან ჩამოსულმა 4,500 ქრისტიანმა მოიყარა თავი ეინ გედიში, პარასკევს ღამით, მკვდარი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, წლევანდელი კარვობის დღესასწაულის დასაწყებად, რომელიც დაფინანსებული გახლდათ საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის მიერ.

უპილოტო კამერები ხალხის თავზემოთ ზუზუნებდა და იღებდა ამ ჭრელ თავყრილობას, მთელი მსოფლიოდან შეკრებილ პირდაპირი ეთერის მაყურებელს. ყველა კონტინენტიდან ჩამოსულმა ათასობით ქრისტიანმა ისადილა ღია ცის ქვეშ, უდაბნოს გარემოცვაში. შემდეგ კი შეიკრიბა შესანიშნავად განათებული პალმების ქვეშ, რათა დასწრებოდა ენერგიული მუსიკის კონცერტსა და თაყვანისცემის მსახურებას.

საერთაშორის ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის კარვობის დღესასწაული ისრაელის უდიდესი ყოველწლიური ტურისტული მოვლენაა და წელს მან ყველაზე მეტი ადამიანი მოიზიდა უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, მიუხედავად ბოლო ხანს ჰამასთან გამართული ომისა ღაზაში.

ეინ გედიში ჩამოსულ მომლოცველთა გრძელ რიგებში იხილავდით ქრისტიანებს მსოფლიოს ისეთი კუთხეებიდან, როგორებიცაა ბოლივია, ანგოლა და ფიჯის კუნძულები, ბევრი მათგანი კაშკაშა ფერის ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი. ფიჯის კუნძულების 33 წარმომადგენელი ბრწყინვალე ცისფერ სამოსელში იყო ჩაცმული. ისინი აღტაცებულნი იყვნენ დღესასწაულში მონაწილეობის და ასევე, ამ კვირის განმავლობაში, ფიჯიელი ბატალიონის წევრთა ნახვის გამო, რომლებიც გაეროს დამკვირვებელთა მისიას ასრულებენ გოლანში და, რომლებიც, ცოტა ხნის წინ, სირიის მეამბოხე მილიციის მიერ მძევლებად იყვნენ აყვანილნი.

„ფიჯიზე ყველა გულმოდგინედ ლოცულობდა ჩვენი ჯარისკაცების განთავისუფლებისათვის და ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ სითბოთი გარემოვიცვათ ისინი და ვიხაროთ ჩვენი ხალხის სიხარულით,“ − განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა მიკაელე მუდრეილაგიმ.

პამელა მუნტეანუ კანადიდან ისრაელში პირველად მაისში ჩამოვიდა და ადგილობრივმა მორწმუნეებმა ის კარვობის დღესასწაულზე მოიწვიეს, რომელიც ამ შემოდგომით უნდა გამართულიყო. ის მართლაც დაბრუნდა და თან მასაის ტომის ორი წარმომადგენელი ჩამოიყვანა კენიიდან, სადაც ის მსახურებას ეწევა.

„ჩვენ ძალიან გვიხარია აქ ყოფნა, ეინ გედიში და იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ, როგორ აპირებს ღმერთი ჩვენი ერების, კანადისა და კენიის, დაკავშირებას ისრაელთან,“ − განაცხადა პამელამ, − „ეს დიდად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“

„მე ბევრი კარგი რამ მაქვს გაგონილი კარვობის დღესასწაულის შესახებ ჩემი მეგობრებისაგან. პირველად ვარ ისრაელში და დიდად მადლობელი ვარ, რომ ვიმყოფები აქ, ეინ გედიში, დღესასწაულზე; ამდენი ერის წარმომადგენლის დანახვა ძალიან სასიხარულოა,“ − გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება ნორვეგიელმა ეირიკ-აასლე პეტერსენმა. „

„დედაჩემი ადრე დაესწრო კარვობის დღესასწაულს, მაგრამ წელს ჩამოსვლა ვერ შეძლო და მე გამომგზავნა თავის ნაცვლად,“ − გვითხრა მექსიკელმა რიკარდომ. „მე მოხალისე ვარ დღესასწაულის რეგისტრაციის განყოფილებაში და ძალიან მომწონს ეს საქმე! ჩემთვის დიდი პატივია ამდენი ქვეყნიდან ჩამოსულ ჩემს თანამოძმე ქრისტიანთათვის მსახურების გაწევა.“

„დღესასწაულზე 1990 წლის შემდეგ ჩამოვდივარ და ღვთის წინაშე მოწიწებითა და მოშიშებით ვუყურებ, რას აკეთებს ღმერთი ისრაელში და ასევე, სხვადასხვა ერისათვის,“ − გაგვანდო ამერიკელმა ჯუნ უილიამსმა,− „ყოველ წელს ჩამოვდივარ, რადგან მწამს დიდი წინსვლის! ხალხი მთელი მსოფლიოდან მოდის სულიწმინდასთან შესახვედრად და მჯერა, რომ ის უპასუხებს მათ ღაღადს ამ დღესასწაულის განმავლობაში.“

ერთკვირიანმა დღესასწაულმა შაბათს იერუსალიმში გადაინაცვლა ზიარების მსახურებისათვის, რომელიც უნდა გამართულიყო სამარხის ბაღში (Garden Tomb), ხოლო შემდეგ უნდა „ამოკითხულიყო ერების სია“ ახალთახალ პეის არენაზე (Pais Arena) გამართულ გახსნით ზეიმზე. საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის კარვობის დღესასწაული პირველი დიდი საერთაშორისო მოვლენაა მოწინავე ღონისძიებათა შორის და უდიდესია ახლო აღმოსავლეთში გამართულ მსგავს ღონისძიებათა შორის.

თარგმნა: ნინო ხუროშვილმა